ქართულად „სარბურთად” ვთარგმნოთ? „შენი სარიბოლის ასე და ისე, თვითონ არ იცი რას აკეთებო”, ყვიროდნენ წუხელ „ჩელსის” გულშემატკივრები — დასავლეთ ლონდონელებმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:2 წააგეს.

„ჩელსის” ფანებს მანჩესტერელებიც შეუერთდნენ, რაც რასაკვირველია დაცინვა იყო. მათ კლასიკური „შენ ხვალ დილით მოგხსნიან” შემოსძახეს და ირონიული რჩევაც მიაბეს „მოურინიუ დააბრუნეთო”.

„ლურჯების” კარში გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ისინი ანდერ ერერამ და პოლ პოგბამ გაიტანეს. ამრიგად, იტალიელი მწვრთნელის „გადასარჩენი” სამი თამაშიდან (ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან”, ლიგის თასის ფინალი „მანჩესტერ სიტისთან” და პრემიერლიგის კალენდარული შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან”) პირველი მისთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა.

მიაქცევდით ყურადღებას შეძახილს „თვითონ არ იცი რას აკეთებო”, — ამის მღერა-ყვირილი „სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილმა ქომაგებმა 71-ე წუთზე მორთეს, როდესაც სარიმ მატეო კოვაჩიჩის ნაცვლად მოედანზე როს ბარკლი შეიყვანა.

მატჩის შემდეგ ყოფილმა ბანკირმა თქვა: „მე ფანების შეძახილები კი არა, შედეგები მაწუხებს”.

შემდეგ მას ჰკითხეს, ესმოდა თუ არა რას ყვიროდნენ ტრიბუნები.

„მეტწილად არა, მაგრამ ხანდახან მესმოდა”, — უპასუხა სარიმ.

ბოლოს კი იტალიელმა იღბალზე გაამახვილა ყურადღება: „არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი შებოჭილები ვიყავით. ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ და როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში მეტი აგრესიით ვითამაშოთ”.