საერთოდ, ასეთ რაღაცებს არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში მას არ ჰქონდა იმედი, რომ ის და მისი თანაგუნდელები თამაშს შემოატრიალებდნენ.
არადა, „მანჩესტერ იუნაიტედი” პარიზელებს რომ დაუპირისპირდა, ოპტიმიზმით იყო აღსავსე — მათ ახალი, ჯერჯერობით დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და მათგან 10 მოგებული. შესვენებამდე თამაშიცა და ანგარიშიც თანაბარი იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ პსჟ-მ ორი გოლი გაიტანა. მანჩესტერელებს არც იმაში გაუმართლათ, რომ მეორე ტაიმში ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა ვეღარ მიიღო მონაწილეობა — ჯესი ლინგარდმა და ანტონი მარსიალმა. მათ ნაცვლად მოედანზე სწორედ სანჩესი და ხუან მატა შევიდნენ, მაგრამ თამაშს კვალი დიდად ვერ დააჩნიეს.
შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: საპასუხო შეხვედრა სტუმრად, პარიზში უნდა ჩაატაროს და 0:2-ის შემოტრიალება უნდა ცადოს.
BBC-სთან ინტერვიუში სანჩესმა თქვა: „როდესაც პარიზელებმა პირველი გოლი გაიტანეს, თანაგუნდელებს გადავხედე და ვიფიქრე: არა, რაღაც არ მიდის კარგად. მათ თვალებში ნაცნობ ნაპერწკალს ვერ ვხედავ”.
ჩილელი ფორვარდი იმედოვნებს, რომ „იუნაიტედი” ორშაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „ჩელსის” წინააღმდეგ ითამაშებს წარმატებით და გამარჯვებულის მენტალიტეტს ანუ თვალებში ნაპერწკალს დაიბრუნებს.
სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში” გასული წლის იანვარში გადავიდა, ოღონდ ამდენ ხანში მხოლოდ ხუთი გოლი აქვს გატანილი. მეორე მხრივ მას ყურები არ ჩამოუყრია, უახლოეს კვირებში ლინგარდის და მარსიალის მხარდამხარ აპირებს თამაშს, ალბათ მათ შევიწროვებასაც გეგმავს.
„სულშერს ჩემთვის მაინცდამაინც არ აუხსნია რა უნდა ვაკეთო მოედანზე, მაგრამ ვფიქრობ, გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და ვიცი რა არის საჭირო და რა არა. მეორე მხრივ, იმ მოთამაშეებს განვეკუთვნები, რომლებიც ბურთთან მუდმივ კონტაქტს საჭიროებენ. მე თუ არ ვითამაშე, სიმწვავეს ვკარგავ. ხანადახან ყოველ შეხვედრაში მოედანზე ყოფნა მჭირდება.
ოღონდ იმას, რაც ახლა ვთქვი, თავის გამართლებად ნუ ჩამომართმევთ. მოედანზე 10-20 წუთითაც რომ შემიშვან ვალდებული ვარ თამაშს ჩემი ხელი დავატყო. ბოლოს და ბოლოს, გუნდში სწორედ იმიტომ ვარ, რომ გარდატეხა შევიტანო”.