„რომას” ვარსკვლავმა ნიკოლო ძანიოლომ დედამისს სთხოვა, სოციალურ ქსელებში შენი სექსუალური ფოტოების გამოფენას თავი დაანებეო. ძანიოლოს დედას ფრანჩესკა კოსტა ჰქვია და ინსტაგრამზე 173 000 მიმდევარი ჰყავს მაგრამ ვერ გრძნობს, რომ ხანდახან დაუკრეფავში გადადის და ამიტომაც ვაჟს მისთვის ასაკის შეხსენება მოუხდა.

ძანიოლოს როგორც ფეხბურთელის რეპუტაცია კი იზრდება და იზრდება — სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში, „პორტუს” კარში ორივე გოლი მან გაიტანა. 19 წლის მოთამაშე „რომაში” „ინტერიდან” გასულ ზაფხულს გადავიდა და ყველა შეჯიბრებას ერთად თუ ვიანგარიშებთ 22 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. უკვე მის „სკუადრა აძურაში” გამოძახებაზეც დაიწყეს ლაპარაკი და ასეთ დროს 41 წლის დედის საჯარო ეროტიკული გამოხტომები ხელს ნამდვილად არ აძლევს.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ვაჟმა ფრანჩესკა კოსტას ბოლო ფოტოზე მიუწერა: „გეყოფა, დედა! რა მოძრაობებს აკეთებ პირით. უკვე 40 წლის ხარ.”

კოსტამ კი საჯარო ქსელში მოყვა, როგორ შეხვდა მისი ოჯახი პირველად ფრანჩესკო ტოტის:

„პირველად ის ტრიგორიაში ვნახე. ის რომ მოვიდა მე ტირილი დავიწყე. მან მითხრა: ჩემ გამო რატომ ტირი? მე კი ხმას ვერ ვიღებდი. ჩემი ქმარი, იგორიც იქ იყო და იცინოდა”.