ემილიანო სალას მაძიებელმა ბრიგადებმა ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან წარმატებით ამოასვენეს ერთი დაღუპულის სხეული.

შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ტურისტულ საფრენ აპარატში სულ ორი მგზავრი იყო, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა, რომელიც „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადავიდა და ახალ კლუბში სათამაშოდ მიემგზავრებოდა და 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონი.

ჩაძირული თვითმფრინავი კუნძულ ოლდერნის მახლობლად მისი დაკარგვიდან 13 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ოლდერნი ლა მანშის სრუტეში არსებული დასახლებული კუნძულებიდან ყველაზე ჩრდილოეთია.

ბრიტანეთის საჰაერო კატასტროფათა გამოძიების განყოფილებამ განაცხადა, რომ მისმა მყვინთავებმა წარმატებით ამოასვენეს 67 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული აპარატიდან ერთი დაღუპული.

ოპერაციაში გამოიყენეს წყალქვეშა რობოტები. თუმცა, ჯერ არ გამოუცხადებიათ, ვინ არის ჩაძირულ თვითმფრინავში ჩარჩენილი დაღუპული ემილიანო სალა თუ დევიდ იბოტსონი.

ნეშტი კუნძულ პორტლენდზე გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მაშველებმა განაცხადეს, რომ საკუთრივ თვითმფრინავის ამოტანა კლიმატური პირობების გამო შეუძლებელია.