მანჩესტერელ მარკუს რაშფორდს თითქოს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა და ოლე გუნარ სულშერის ხელში ისე ათამაშდა, მატჩს უგოლოდ აღარ ტოვებს. გოლები გოლებად და რაშფორდის სარგებელი უყურადღებოდ არც კლუბის ხელმძღვანელობას დარჩენილა…

ფეხბურთელი, ვისი სამსახურითაც მადრიდის „რეალი“ არის დაინტერესებული და ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროსაც არ იშურებს, მანჩესტერისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, ალბათ, მხოლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდით თუ მიიღებს. ამიტომაც, სულშერის დაჟინებული მოთხოვნით კი გადაწყვიტეს, რომ ინგლისის ნაკრების ფორვარდს ჯამაგირი გაუორმაგონ.

მარკუს რაშფორდს კლუბთან კონტრაქტი გაისად, ზაფხულში უმთავრდება, მისი გაგრძელებისთვის კი მანკუნიანელები ფეხბურთელს კვირაში 170 ათასს ევროს და პლუს სხვადასხვა ბონუსებს ჰპირდებიან. ყველაფრის გათვალისწინებით რაშფორდი მხოლოდ მოედანზე დაახლოებით 200 ათასს გამოიმუშავებს.

ახალ წინადადებაზე პასუხი თავდამსხმელს ჯერ არ უთქვამს. ეტყობა, „რეალის“ ახალ სიტყვას ელის. ცნობილი იყო, რომ რეალი ისეც აპირებდა რაშფორდისთვის 200 ათასზე მეტის გადახდას, მაგრამ ჩანს, ფეხბურთელი უკვე ვაჭრობს…

მარკუს რაშფორდი მანჩესტერის სკოლის გაზრდილია. ის მთავარ გუნდში ლუის ვან გაალმა დააწინაურა. მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 21 წლის ფეხბურთელმა 9 გოლი და 6 საგოლე პასი უკვე მიითვალა, თუმც ისეთ ფორმაშია, აღარავინ ეჭვობს, რომ სეზონის ბოლოს მისი მონაგარი გაცილებით სოლიდური იქნება.