ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრე გახურდა. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში, საქმეში აღმოსავლეთის ოთხი გუნდი ჩაერთო: „სპორტუნი”, „პეგასი”, „გორი” და „იმედი-სტუ თელავი”.

ერთი კვირის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდებმა ბათუმის BSB-მ, „ქუთაისმა” „სამტრედიამ” და წყალტუბოს „პრომეთემ” ჩაატარეს თავიანთი მატჩები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლიგაში მოასპარეზე რვა გუნდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯგუფთა შეხვედრების გარდა შერეულ ტურებსაც ატარებს და ჯამში სამი წრის ანუ 21 მატჩის შემდეგ ფინალური ოთხეულის ვინაობას არკვევს. ეს ოთხეული კი ფლეი-ოფის სისტემით ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას.

დღეს გორელებმა „იმედი-სტუ თელავს” გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს და კარგა ხანს ბურთი-ბურთშიც მისდევდნენ, მაგრამ საბოლოოდ 33:39 დამარცხდნენ, „პეგასს” კი „სპორტუნისთან” გამარჯვება არ გაჭირვებია — 51:26.

ხვალ თამაშობენ: 16:00 იმედი-სტუ თელავი — სპორტუნი, 18:00 პეგასი — გორი.

დღეისათვის 10 თამაშიდან 18 ქულით ლიდერობს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი BSB ბათუმი, რომელსაც 16 ქულით „ქუთაისი” მოსდევს. აღმოსავლეთის გუნდებს ჯერჯერობით ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.