ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ განსაკუთრებული ადამიანები არიან საფეხბურთო სამყაროში, ეს დიდი ხანია ვიცით. გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია და ზოგს პელე ურჩევნია, ზოგს მარადონა და ზოგსაც კრუიფი…
ახლახან, WorldFootball-მაFinancial Times-ის თანამშრომელმა, ჯონ ბერნ-მერდოკმა ამ ორი ჯადოქრის მთლიანი სტატისტიკა შეაგროვეს და 1980-იანი წლებისას შეადარეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესი და რონალდუ არავის ჰგვანან.
„ბარსელონას“ კაპიტანს 579 გოლი მოუგროვდა და თუ მისი მატჩების რაოდენობას შევადარებთ, 90 წუთში საშუალოდ 0,97 გოლი გამოუვა. კრიშტიანუს გატანილი 586 გოლი კი პროცენტულად მატჩში 0,84-ს უდრის.
ორივე მათგანი 600 გოლის ზღვარს მიუახლოვდა, რაც ფანტასტიკური შედეგია.
მესამე ადგილზე შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია 364 გოლით.
შედარებისთვის კიდევ რამდენიმე გამორჩეული შემტევის შედეგი ვნახოთ: მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავის, რაულის მონაგარი 363 გოლია, ნიუკასლის ლეგენდის, ალან შირერისა კი – 341.
სხვაობა თვალსაჩინოა.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე უკვე 30-ს გადაცილებულია, მაგრამ გატანას ჩვეული სიხშირით აგრძელებენ.
და კიდევ: 5 თებერვალს კრიშტიანუ რონალდუ 34 წლის გახდა… 5 თებერვალსვე, ოღონდ 15 წლის წინ, მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა…