მეკარე თამაზ პაქსაშვილი – გეუბნებათ ეს სახელ–გვარი რამეს? ახალ თაობას, დარწმუნებულნი ვართ, არაფერს. სტაჟიანებიც, ასში ერთი თუ გეტყვით.

ამჟამად 48 წლისაა, ყვარლის დურუჯში თამაშობდა 90–იან წლებში… მაგრამ მოდით, პაქსაშვილამდე მექსიკა მოვიაროთ.

გახსოვთ ხორხე კამპოსი? მეკარე, ჭრელაჭრულა მაისურა რომ ეცვა და სიმაღლითაც (უფრო სწორად სიდაბლით) რომ გამოირჩეოდა. 130 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული, მათ შორის, ორ მუნდიალზე იყო და რაც მთავარია, მეხიკოს „უნამში“ გოლი გოლზე გაჰქონდა.

1990 წელს გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 14 გოლით. მოკლედ, ხან თავდამსხმელი იყო, ხან – მეკარე.

კიდევ რამდენიმე ასეთი მეკარე გვახსენდება, წინ რომ მაგრად თამაშობდნენ და ასეთი ქართველებსაც გვყავდა. მაგალითად, ცნობილი ნიკა ტოგონიძე (საქართველოს ნაკრებშიც რომ იყო) ხანდახან თამშობდა წინ და გოლებიც გაჰქონდა, თუმცა ჩვენ ვისითაც დავიწყეთ წერა, სულ სხვა შემთხვევაა. თამაზ პაქსაშვილით ტყუილად კი არ დავიწყეთ.

90–იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს უმაღლესი ლიგის ოქმები არეულ–დარეულია, ზუსტად ვერ გაიგებ. ქვედა ლიგებში ხომ საერთოდ… ამიტომ, ბევრი შეცდომა შეიძლებოდა გაპარულიყო. თუმცა ხელთ არსებული ოქმებით, იყო დურუჯის მეკარე თამაზ პაქსაშვილი, რომელიც ერთი ტაიმი კარში იდგა, მეორეში წინ მიდიოდა.

დურუჯი ორი წელი იყო უმაღლეს ლიგაში. 1995 წლის 18 მაისს ყვარელში გურიას 3:1 მოუგო და პაქსაშვილმა დუბლი შეასრულა. უნიკალური შემთხვევაა, როცა საქართველოს უმაღლეს ლიგაში მეკარე დუბლს ასრულებს. პაქსაშვილს მთავარ ლიგაში მეტი არ გაუტანია, მაგრამ ქვედა ლიგებში და სათასო შეხვედრებში არაერთხელ გამოუჩენია თავი.

არასრული მონაცემებით, თამაზ პაქსაშვილს 235 შეხვედრაში 37 გოლი აქვს გატანილი. ლაგოდეხში დაბადებული კაცია და ახლაც იქ ცხოვრობს. დურუჯის გარდა, თამაშობდა თბილისის ლოკომოტივში, ლაგოდეხის ჰერეთში, წნორის მილანში, თელავის კახეთში, ჭაბუკიანში… ერთი პერიოდი თბილისის დინამოს დუბლებშიც იყო, 19 წლის ასაკში.

ყველაზე მეტი გოლი ჭაბუკიანში აქვს გატანილი. ეს კლუბი რანგით მეორე ლიგაში იყო, დღეს აღარ არსებობს, თორემ წყალწაღებული გუნდი ნამდვილად არ იყო.

ისე, თავად პაქსაშვილს დავუკავშირდით. გვაინტერესებდა, პირად სტატისტიკას თუ აწარმოებდა.

– მადლობა, რომ ასეთი ამბები გაიხსენეთ. არა, გოლები არასოდეს დამითვლია, მაგრამ ბევრი კი გამქონდა.

– ჩვეულებრივ სათამაშო სიტუაციიდანაც გაგქონდათ თუ მხოლოდ პენალტები და ჯარიმები?

– ყველანაირი. ჯარიმებს ვურტყამდი და გამქონდა, მაგრამ უფრო მეტი სათამაშო სიტუაციიდან მაქვს გატანილი. ინდივიდუალურადაც, ორი–სამი კაცის მოტყუებით…

– ალბათ, თამაშის მსვლელობისას არჩევდით, წინ როდის უნდა გეთამაშათ და კარში როდის ჩამდგარიყავით… თუ წინასწარ გქონდათ ჩაფიქრებული?

– ორივენაირად ხდებოდა. გააჩნია, რა ანგარიში იქნებოდა. თუ ვაგებდით, წინ მივდიოდი.

– ახლა ფეხბურთში საქმიანობთ?

– სამწუხაროდ, არა. მინდა, მაგრამ…

მადლობას გადავუხდით კოლექციონერ დავით ჭინჭარაულს, რომელიც FACEBOOK-გვერდს აწარმოებს: Tchintcharauli collection საფეხბურთო კოლექციონერები. იქ აქვეყნებს იშვიათ ფოტოებს, ასევე, საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს. მეტწილად, 90-იანი წლების საქართველოს ჩემპიონატიდან. პაქსაშვილთანაც მან დაგვაკავშირა.