სერხიო აგუეროს ჰეთ-თრიკის წყალობით „მანჩესტერ სიტიმ” „არსენალს” 3:1 მოუგო და ლიდერს „ლივერპულს” მიუახლოვდა. „ქალაქელთა” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გასული კვირის შუაში „ნიუკასლთან” 1:2 დამარცხების შემდეგ ფიქრობდა, რომ მისი გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა, მაგრამ დღეს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მერსისაიდელებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ვაზუსტებთ: „ლივერპულს” თამაშით ნაკლები აქვს და ხვალ ლონდონში „ვესტ ჰემს” ხვდება, „სიტის” კი მორიგი მატჩი ზეგ ელის, კონკურენტის ქალაქ ლივერპულში, ოღონდ „ევერტონთან”.
„მანჩესტერ სიტის” იმან უშველა, რომ გასული კვირის შუაში ქულები „ლივერპულმაც” დაკარგა — „ლესტერთან” 1:1 ითამაშა.
გვარდიოლამ თქვა: „ნიუკასლის” შემდეგ ჩვენ პრემიერლიგის ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დავკარგეთ. ყველა ამბობდა მორჩა, ახლა სხვაობა 7 ქულამდე გაიზრდებაო, მაგრამ პირიქით მოხდა — სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. ჩემი ჩათვლით ყველას სჯეროდა, რომ „ლივერპული” „ლესტერთან” გაიმარჯვებდა და ბრძოლა აქ დამთავრდებოდა. სწორედ ამიტომ არ უნდა გავერთოთ ცხრილის ყურებით ზედმეტად. ცხრილისთვის ამდენი ყურადღების მიქცევაც არ არის საჭირო”.
ზემოთ ხვალისა და ზეგის თამაშები ვახსენეთ. როგორც ხედავთ, თუკი „ლივერპული” „ვესტ ჰემს” ვერ მოუგებს, ხოლო „ქალაქელები” „ევერტონთან” გაიმარჯვებენ, პრემიერლიგის ლიდერი შეიცვლება.
„სიტის” თავკაცმა აგუეროს სამი გოლის წყალობით (თუმც მესამე ეპიზოდში არგენტინელს ბურთი ხელში მოხვდა და კარში ისე შევარდა) ზუსტად ის მიიღო, რაზეც ოცნებობდა. ახლა „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის „არსენალთან” გამარჯვება იურგენ კლოპსა და მის მოთამაშეებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცევს.
გვარდიოლამ თქვა: „მე კარგად ვიცი რა ძნელია, როდესაც თამაში აუცილებლად უნდა მოიგო. რასაკვირველია, „ლივერპული” მაღალი დონის გუნდია, მაგრამ არც „ვესტ ჰემია” ჯაბანი”.
სერხიო აგუერომ კი აღიარა, რომ გოლი, რომლის წყალობითაც მან „სიტის” შემადგენლობაში მე-14 ჰეთ-თრიკი შეასრულა მსაჯს არ უნდა ჩაეთვალა:
„მეგონა, რომ მკერდით გავიტანე მაგრამ ახლა, როდესაც ჩანაწერი ვნახე, დავრწმუნდი, რომ ხელით გამიტანია. დღეს გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. წინა შეხვედრაშიც პირველ წუთზე შევაგდე, მაგრამ მაშინ დავმარცხდით. დღეს მოვიგეთ და თავს ბედნიერად ვგრძნობ”.