ქართული ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შემოინახა. ბევრი დიდი ფეხბურთელის, რამდენიმე დიდი გუნდის სახელი, მაგრამ თუკი ფეხბურთში ყველაზე მაღლა მისი უდიდებულესობა შედეგი დგას, ყველაზე დიდი „დინამო“ 1975-81 წლების „დინამოა“.

და როცა ამ „დინამოზე“ ვლაპარაკობთ გვერდს ვერაფრით ავუვლით თამაზ კოსტავას — ფეხბურთელს, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად ზიდა უმძიმესი, ზოგჯერ გაუსაძლისი ტვირთიც კი და ამ ტვირთის ტარება, რომ მხოლოდ ექსტრაკლასის ფეხბურთელს შეუძლია, ნებისმიერ ქომაგს კარგად მოეხსენება.

თამაზ კოსტავა ექსტრაკლასის მარჯვენა მცველი იყო,  ფეხბურთელი, რომელმაც ჩემი აზრით ყველაზე მეტად გაუსწრო თავის დროს. ყველაზე მეტადო, ვამბობ და ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, ჩივაძეს, დარასელიას, სულაქველიძეს ვგულისხმობ „ყველაში“.

ეს კი ხუმრობა საქმე არ გახლავთ — „გაუსწრო“ ამდენ ვარსკვლავს ერთად და გაუსწრო დროს.

იოჰან კრუიფმა სიტყვა თუ საფეხბურთო ცნება — „კულუარის“ მოთამაშე“ მოიგონა. „კულუარის მოთამაშე“ ანუ ფეხბურთელი, რომელიც ერთდროულად არის მცველიც, თავდამსხმელიც, ნახევარმცველიც და მთელ ფრთას აკონტროლებს, იგი ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში დაქრის წინ და უკან და ზღვა სამუშაოს ასრულებს. ამ ტიპის მობურთალები განსაკუთრებით მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე დაფასდნენ.

ყოველივე ამას — მცველობას, ნახევარმცველობას, თავდამსხმელობას, ფრთის კონტროლს თამაზ კოსტავა ამ ჩემპიონატამდე გაცილებით ადრე, ოცი წლის წინ აკეთებდა. ეს კი განა მარტო ფეხბურთისთვის, არც ისტორიისთვის არის მცირე დრო. ოცი წელიწადი სამი საფეხბურთო თაობა მაინცაა.

ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო მაღალი კლასის ორი ნომერი. ორი ნომერი ძველი ტრადიციის შესაბამისად იგივე მარჯვენა მცველია. ვფიქრობ, ჩამოთვლა ზედმეტი იქნება — ჩვენს ფეხბურთს არასდროს აკლდა ამ ამპლუის მობურთალები (ის კი არა წლების მანძილზე სსრკ ნაკრების დაცვის მარჯვენა ფრთას  მხოლოდ და მხოლოდ ქართველები ამაგრებდნენ).

ჰოდა, თამაზ კოსტავა ამ „თავისი ამპლუის“ ქართველებშიც ირჩევა, მას განსაკუთრებული სათამაშო სტილი ჰქონდა და იმიტომ.

პირველი და უმთავრესი სათამაშო შტრიხი კოსტავას საფეხბურთო ხასიათისა ელეგანტურობა და არტისტულობა იყო. არტისტულობა და ელეგანტურობა კი ბევრს ნიშნავს გულშემატკივრისთვის. ფეხბურთში არსებობს დაუწერელი კანონი — საკმარისი არ არის, მოთამაშემ ბოლომდე მოიხადოს თავისი მოვალეობა, ბოლო წუთამდე არაფერი დაზოგოს გუნდის გამარჯვებისთვის… თურმე საჭიროა მან თავისი ნამოქმედარი რაღაც თავისებური არტისტიზმით მიიტანოს მაყურებლამდე, თავისებური ძახილის ნიშანი დაუშვას ნამოქმედარს. ამაზე კამათი შეიძლება, ზოგს როგორ ჰგონია და ზოგს როგორ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია — ქომაგს სტანდარტულს არასტანდარტული ურჩევნია.

თამაზ კოსტავა ამ არასტანდარტულობითაც გამოირჩეოდა და ეს არ იყო ყალბი კოსმეტიკა. საერთოდ, შემტევი მცველი თავისთავად მშვენიერი რამაა ფეხბურთში და გავიხსენოთ რამდენი ტაში მოუწყვეტია თამაზ კოსტავას ტრიბუნებიდან, როცა თავის ცნობილ რეიდს ახორციელებდა.

იმ რეიდის დროს კი თავისუფლად შეეძლო ორი-სამი მეტოქის მოტყუება, ლამის მთელი მოედნის ბურთიანად გადასერვა, გადაწყვეტილების მიღება და გამჭოლი გადაცემა კარის გასწვრივ — იქ, სადაც უკვე იყვნენ თანაგუნდელები ჩასაფრებული.

ალბათ, ქართული ფეხბურთის ისტორიამ არ იცის მცველი, რომელსაც კოსტავაზე მეტი პენალტი მოეტანოს გუნდისთვის. ეს ხდება მაშინ, როდესაც საჯარიმოს მცირე მონაკვეთში მეტოქეს სჯობნის სისწრაფით, ტექნიკით და მასაც წესის დარღვევის  გარდა აღარაფერი დარჩენია. ჰოდა, კოსტავას წინააღმდეგ ბრძოლისასაც ხშირად არევედნენ წესს.

და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ შეიძლება გამოგვრჩეს. ქართულმა საფეხბურთო ტერმინოლოგიამ დღემდე არ იცის ერთი ილეთის — „პადკატის“ ზუსტი შესატყვისი. ვითომ „ტექნიკური ვარდნაა“ „პადკატი“? არ ვიცით, მაგრამ ის კი არავისთვისაა სათუო, რომ თამაზ კოსტავაზე სწორედ (ვიმეორებ, სწორედ) და უზადოდ ვერც ვერავინ ასრულებდა ამ ილეთს. ლამის ხელოვნებამდე ჰქონია აყვანილი, ისე ფაქიზად და გამართულად ჩაუწვებოდა ხოლმე მეტოქეს.

„პადკატის“ არსი მაინც თავდაცვაშია საძიებელი. მეტოქეს ბურთი აქვს, გიტევს და რახან პოზიციურად უკეთეს მდგომარეობაშია, იძულებული ხარ ვარდნაში, წოლაში, სრიალში (უწოდეთ, რაც გნებავთ) ფეხის წვერი გაკრა ბურთზე და ამით ჩაუშალო შეტევა.

კოსტავას „პადკატი“ სულ სხვა იყო, იგი მეტოქეს ბურთზე კონტროლს აკარგვინებდა და თანაც ისე, რომ იგი მასვე რჩებოდა. ვერც ამას იზამდა ყველა. „იმ“ ელემენტარულობაზე და არტისტიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.

არავინ იცის, კიდევ რამდენ სიხარულს მოუტანდა თამაზ კოსტავა ქართველ გულშემატკივარს, რომ არა ფატალური უიღბლობა. უიღბლობა, რომელიც განუშორებლად სდევდა თან კოსტავას მთელ კარიერას.

თითქმის არ ყოფილა სეზონი, რომ თამაზ კოსტავას ტრავმა არ მიეღო, მაგრამ ისიც ხომ სათქმელია, რომ იმტვრეოდა და ბრუნდებოდა, იმტვრეოდა და ბრუნდებოდა — ესეც ვაჟკაცი ხასიათის ნიშანია, ალბათ.

თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე თამაზ კოსტავამ მრავალი დიდი ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშა. ეს იყო ღირსეულ მეტოქეთა ორთაბრძოლა. კოსტავას არასდროს შეუტანია დისონანსი თამაშში, იგი იყო მაღალი დონის საფეხბურთო სპექტაკლების მონაწილე. არა მგონია ვინმეს ახსოვდეს კოსტავა ინერტული, პასიური, დოინჯშემოყრილი, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კარგად იყო თუ შეუძლოდ. სანამ მოედანზე იდგა კაცურად, ფეხბურთელად იდგა და საკეთებელს აკეთებდა.

თამაზ კოსტავას კარიერის გვირგვინი, ისევე როგორც მისი თაობის ყველა დინამოელისა, რა თქმა უნდა 13 მაისის დიუსელდორფული ფინალი იყო. იმ შეხვედრაში, ალბათ, სხვები კოსტავაზე მეტად გამოირჩნენ კიდეც, მაგრამ ეს კანონზომიერი მოვლენაა სპორტში და კერძოდ, ფეხბურთში. კონკრეტული შეხვედრა ხან ერთი ფეხბურთელის ბენეფისად იქცევა ხოლმე, ხან მეორესი.

წვლილი კი თასების თასის მოპოვებაში კოსტავას არავისზე ნაკლები შეუტანია. თასთა თასით ზეაღმართული ხელები სწორედ რომ ღირსეული და ლამაზი აკორდი იყო მისი ტიტულებით და ჯილდოებით დატვირთული, მაგრამ მაინც უიღბლო კარიერისა.

25.03.1999