არგენტინულმა „ბოკა ხუნიორსმა“ ახალგაზრდა მცველი დაიმატა. არაფერი განსაკუთრებული და ეს ტრანსფერიც შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ახალწვეულის გვარ-სახელი.
აბა, გაიხსენეთ, რა ჰქვია მაკოლეი კალკინის გმირს ლეგენდარულ ფილმში „მარტო სახლში“. მართალი ბრძანდებით – კევინ მაკალისტერი ზუსტად ისევე, როგორც „ბოკას“ ახალწვეულს.
ჰოდა, აფეთქდა სოციალური ქსელები. სრულიად არგენტინის მოსახლეობამ ჩათვალა, რომ კაცზე თითო ხუმრობა მაინც უნდა მიეძღვნათ ამ ტრანსფერისთვის:
„10 წლის შემდეგ“…
„სანამ ავტობუსი დაიძვრება, დარწმუნდით, რომ კევინი ადგილზეა“…
„თურმე „რივერს“ ორი მაგარი თავდამსხმელი დაუმატებია და „ბოკამ“ კევინ მაკალისტერს უხმო”…
მახვილსიტყვაობა გრძელდება, რეალური კევინი კი მოედანზე გასვლამდე აღმოჩნდა პოპულარობის პიკზე.