გეგონება ის არ ეყოფოდა „შეფილდ უენსდის” „ჩელსიმ” ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალში 3:0 რომ მოუგო, კიდევ გულშემატკივრების ხულიგნობის გამო დასჯიან. ოღონდ, მანამდე კარგად გამოიძიებენ ვინ, რა და როდის დააშავა. ისე, ამ ბოლო დროს ინგლისში ფანების გამძვინვარებას რომ აქვს ადგილი ესეც ფაქტია.
ამჯერად, შეფილდელმა ფანებმა დასავლეთ ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს ტრიბუნიდან სხვადასხვა საგნები დააყარეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მასპინძლებმა პენალტით ანგარიში გახსნეს, რაც იმ კარში მოხდა, რომელიც მათ სექტორთან იყო ახლოს.
„შეფილდ უენსდის” დროებითმა მწვრთნელმა სტივ ეგნიუმ მატჩის შემდეგ უცნაურად თქვა: „ვერაფერს გეტყვით, არაფერი ვიცი. რასაკვირველია, თუ ვინმე ასე მოიქცა ძალიან ცუდია, ასე ქცევა არ შეიძლება, მაგრამ მაინც მინდა შევაქო ჩვენი გულშემატკივრები, რადგან ისინი მთელი გულით და სულით გვიჭერდნენ მხარს, მაშინ როდესაც „ჩელსის” ფანები ჩუმად ისხდნენ”.
რას არ ნახავდით შეფილდელი ფანების მიერ ნასროლ საგანთა შორის: რკინის ფულს, სანთებელას და… ასე განსაჯეთ ისეთ სათვალესაც კი, რომელსაც წამახვილებული ნაწილები ჰქონდა.
რამ გააბრაზა ერთი ლიგით დაბლა მდგომი კლუბის გულშემატკივარი? სავარაუდოდ რამ კი არა, ვინ — მსაჯმა ანდრე მარინერმა, რომელმაც მათი აზრით „შეფილდის” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. მარინერს ვიდეორეფერიც დაეთანხმა პენალტი არ იყოო, მაგრამ ამან შეფილდელები მსაჯის გადაწყვეტილებაში კი არ დაარწმუნა, პირიქით, გააღიზიანა.
„ჩელსის” ზოგ მოთამაშეს „ბუების” გულშემატკივართა საქციელზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. ცნობისათვის, ამ დღეს სტუმარ გუნდს დაახლოებით 300 კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან ლონდონში 6 ათასი გულშემატკივარი ჩაჰყვა.