ამბავი ასეთია: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა. თანაც როგორ: 29-დან  28 სუბიექტმა კობიაშვილი თავის ფავორიტად წინასწარვე გამოაცხადა!

მოკლედ, კობიაშვილის გაპრეზიდენტებას ხელს მეორედ მოსვლა თუ შეუშლის. მეორედ მოსვლა კი ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის, ანუ ლევან კობიაშვილი აუცილებლად გახდება პრეზიდენტი მეორე ვადით.

ახლა კითხვა ასე დავსვათ: რას ნიშნავს კობიაშვილისადმი ეს ერთსულოვანი მხარდაჭერა?

  • ნიშნავს იმას, რომ კობიაშვილმა არნახულად ააყვავა ქართული ფეხბურთი და ამან აქცია ის უკონკურენტოდ?
  • თუ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის ფედერაცია დემოკრატიული პროცესებისგან მოშორებით დგას?

ვფიქრობ, საქმე მარტივ, პრაგმატულ გათვლასთან გვაქვს. ფედერაციის პრეზიდენტს 30 კონკრეტული სუბიექტი/პირი ირჩევს. ანუ პრეზიდენტობისთვის სულაც არ არის საჭირო ააყვავო ფეხბურთი, აქციო ეროვნული პირველობა მოწინავედ, ნაკრები დააწინაურო მსოფლიო რეიტინგში  და მრავალი სხვა რამ. პრეზიდენტობისთვის სავსებით საკმარისია 30 კონკრეტული ადამიანიდან უმეტესობა დაკმაყოფილებული გყავდეს. ეს არის და ეს.

ლევან კობიაშვილით ეს კონკრეტული ადამიანები კმაყოფილები რომ  არიან, აშკარაა.

და ერთიც. არჩევნები ვადაზე 10-11 თვით ადრე დაინიშნა. ლევან კობიაშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო უფლებამოსილების დრო თავისივე სურვილით შეიმცირა, რაც უცნაურად მოჩანს. თუმცა ეგებ სწორი გადაწყვეტილებაც იყოს: თებერვალში ახალი შესარჩევი ციკლი დაწყებული ჯერ არ არის, ანუ გულშემატკივრის იმედი, რომ ამ ჯერზე მაინც გავალთ ჯგუფიდან, სწორედ ახლაა განსაკუთრებით მაღალი.

სფფ-ის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი წარადგინეს:

1.ს.კ. დინამო თბილისი
2.ს.კ. სიონი
3. ს.კ. მერანი მარტვილი
4.ს.კ. სამტრედია
5.ს.კ.ცხინვალი
6.ს.კ.ვიტ ჯორჯია
7.ს.კ.ტორპედო ქუთაისი
8.ს.კ.კოლხეთი 1913
9.ს.კ.გაგრა
10.ს.კ.ზუგდიდი
11.ფ.კ.გორი
12.ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
13.მცხეთა-მთიანეთის რფფ
14.აჭარის ფეხბურთის ფედერაცია
15.სამეგრელო ზ.სვანეთის რფფ
16.ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
17.სამხრეთ ოსეთის ფფ
18.სამცხე ჯავახეთის ფფ
19.აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
20. გურიის რფფ
21.რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის რფფ
22. შიდა ქართლის რფფ
23. ფუტსალის ასოციაცია
24. კახეთის რფფ
25. იმერეთის რფფ
26.ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
27.ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება
28. თბილისის  ფეხბურთის ფედერაცია