გონსალო იგუაინი „ჩელსიში” გადავიდა და აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე. ოთხშაბათს, დასავლეთ ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ 31 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მათი მოთამაშე გახდა.
„ლურჯების” ახალმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა თქვა: „როდესაც „ჩელსისგან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის წინადადება მივიღე მივხვდი, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ეს ის კლუბია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, რომელსაც დიდი ისტორია და შესანიშნავი სტადიონი აქვს და გამოდის პრემიერლიგაში, სადაც ყოველთვის მინდოდა მეთამაშა. იმედი მაქვს, რომ „ჩელსის” მოედანზე გადავუხდი მადლობას იმ ნდობისთვის, რამ მან ამ ტრანსფერით გამომიცხადა. ერთი სული მაქვს როდის გავალ სათამაშოდ. ვნატრობ, ადაპტაციის პროცესმა მალე ჩაიაროს”.
თუმცა, „ჩელსის” ახალი შენაძენი დღეს საღამოს, „კარაბაოს თასზე”, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” სათამაშოდ ვერ გავა. მიზეზი: მისი ტრანსფერი გუშინ შუადღის 12 საათამდე ვერ დაარეგისტრირეს. „ჩელსის” თავკაცმა მაურიციო სარიმ თქვა, რომ „იუვენტუსის” ფეხბურთელი, რომელიც „ჩელსიმდე” იჯარით „მილანში” იყო, ასეთ მოკლე დროში დარეგისტრირებას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.
„ჩელსიმდე” გონსალო იგუაინი თამაშობდა „რივერ პლეიტში”, „რეალში”, „ნაპოლიში”, „იუვენტუსსა” და „მილანში”.