ჯესი ლინგარდი სიამოვნებით იგონებს, როგორ მოარტყა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავში ბუცი.

ლინგარდს სერ ალექსის საქციელი არ წყენია. ის მაშინ პატარა ბიჭი იყო და იცოდა, რომ დიდ მწვრთნელს მისი თამაში მოსწონდა. ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონის 13 ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პატარა ლინგარდს უთხრა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა „ოლდ ტრეფორდის” ერთ-ერთი ვარსკვლავი. როგორც ხედავთ ასეც მოხდა, მაგრამ ჯესის საამისოდ 22-23 წლის ასაკამდე მოუწია მოცდა. მანამდე კი იგი იჯარით ჰყავდათ გაშვებული „ლესტერში”, „ბირმინგემში”, „ბრაიტონსა” და „დერბი ქაუნთიში”.

ახლა რაც შეეხება თავში ბუცის გარტყმის ეპიზოდს, რომლის შემდეგაც ლინგარდის ბაბუამ ოჯახში თქვა — ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბიჭი „მთავარ კაცს” მოსწონსო. თურმე ჯესის პაპა სერ ალექსს მუდამ „მთავარ კაცად” იხსენიებდა.

ერთი სიტყვით „წითლების” თავდამსხმელმა theplayerstribune-ში ასეთი ისტორია გაიხსენა:

„ის დღე არასდროს დამავიწყდება. მაშინ მე ჯერ კიდევ საყმაწვილო აკადემიაში ვვარჯიშობდი და ქერინგტონის ბაზაზე დერეფანში მივდიოდი. ჩაფიქრებული გახლდით, მოწყენილი. რაღაც უიღბლო დღე მქონდა. მოკლედ, მივდივარ და უცებ ვგრძნობ, რომ თავში ფეხსაცმლის შესაკრავი მხვდება. აშკარად ბუცი ჩამარტყეს. საჩხუბრად მოვტრიალდი. ვინ გამიბედა ასეთი რაღაც, ახლა ვაჩვენებ სეირს… და ხელში სერ ალექსი შემრჩა. მას ჩაეცინა: „რანაირად იყურები, ბიჭო?!” კარგად იცოდა როგორ იმოქმედებდა ჩემზე ეს მოულოდნელობის ეფექტი. ასეთი გახლდათ. თუ გაგეხუმრებოდა, ესე იგი მოსწონდი. ამის მერე რამდენიმე დღე ვერ დავწყნარდი. ის ხომ „მთავარი კაცი” იყო და მე მჯეროდა, რომ ოდესმე მის გუნდში ვითამაშებდი”.