დატვირთული სატრანსფერო იანვარი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. თან, ჯერ 31 იანვრამდე დროა, კიდევ იქნება გადასვლა-გადმოსვლები და თანაც, სულაც არაა აუცილებელი ამ თვეში გადავიდნენ, თავისუფალ აგენტებს მერეც შეეძლებათ.

გიორგი ლორიამ მაგდებურგს მიაშურა, ლაშა დვალმა – უნგრულ ფერენცვაროშს

უმეტესობა დაბინავდა, ზოგიერთი კი ნავსაყუდელს ელის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც წლეულს ევროშესარჩევი ელის. ზუსტად ორი თვეა დარჩენილი შვეიცარიასთან პირველ მატჩამდე, ორი თვე კი უცებ გაირბენს.

ვინ დარჩა უბინაოდ? თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც ყაზახეთის საუკეთესო კლუბ „ასტანადან“ აქვს წინადადება. „ოქრი“ ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და ველით, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს. სხვა ვარიანტებიც ექნება. მთავარია, ჯანმრთელი და სათამაშო ტონუსში მყოფი შეხვდეს მარტის ბოლოს.

გიორგი მაკარიძე და გიორგი ჭანტურია: ორივენი უკლუბოდ არიან. ამდენი ხნის უთამაშებლობას, გამორიცხულია, არ ემოქმედა მათ სპორტულ ფორმაზე. ორივე ტრავმებმა გააწამა.
გასარკვევია ნაკრების მთავარი მარცხენა მცველის, გიორგი ნავალოვსკის საკითხიც. მინსკის „დინამოში“ დარჩება თუ არა, ჯერ გადასაწყვეტია.

რაც შეეხება დაბინავებულებს, აი ყველაზე საინტერესო ტრანსფერების სია:

ზუკა დავითაშვილი კარიერას, სავარაუდოდ, ყაზანის რუბინში გააგრძელებს

გიორგი ლორია (უკლუბოდ იყო – გერმანულ „მაგდებურგში“ წავიდა)
ვაკო გვილია („ლუცერნი“, შვეიცარია – „გურნიკი“ ზაბჟე, პოლონეთი)
ლევან ხარაბაძე („დინამო“ – „ციურიხი“, შვეიცარია)
გიორგი რეხვიაშვილი („საბურთალო“ – „ლევადიაკოსი“ საბერძნეთი)
გიორგი გაბედავა („ჩიხურა“ – „ზაგლებე“ სოსნოვეცი, პოლონეთი)
გიორგი ივანიშვილი („დინამო“ – „ზაგლებე“ სოსნოვეცი, პოლონეთი)
ლაშა შერგელაშვილი (რფს ლატვია – „იანინა“ საბერძნეთი)
ლაშა დვალი („პოგონი“ პოლონეთი – „ფერენცვაროში“ უნგრეთი)
დავით ვოლკოვი („საბურთალო“ – „გაბალა“ აზერბაიჯანი)
მათე ვაწაძე („დინამო“ – „ლიეპაია“ ლატვია)
ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ რუსეთი – „კრილია“ რუსეთი) – იჯარა
ვახტანგ ჭანტურიშვილი („ტრნავა“ სლოვაკეთი – „ზლინი“ ჩეხეთი)
ირაკლი ბუღრიძე („ჩიხურა“ – „ბეერსხოტი“ ბელგია)

თითქმის გადაწყვეტილები:

ზუკა დავითაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი – „რუბინი“ რუსეთი)
ხვიჩა კვარაცხელია („რუსთავი“ – „ლოკომოტივი“ რუსეთი)

კიდევ იყო რამდენიმე ტრანსფერი, მაგრამ ესენი გამოვარჩიეთ.

ჯანოს გარდა, ნაბიჯი უკან არავის გადაუდგამს. ჯანოსაც სჭირდებოდა „კრილიაში“ გადასვლა სათამაშო პრაქტიკის მხრივ. დრო იყო, „სპარტაკიდან“ წასულიყო.

ისე, საქართველოს ნაკრების წარმატებულმა თამაშმა ჩვენი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაზარდა.

წილი
წინა სტატიასერენას ტრაგედია
შემდეგი სტატიალურჯი გონსალო დღეს ვერ ითამაშებს
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ