დღეს დილით „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერთა შეხლაში სტუმრად „დენვერ ნაგითსი“ 142:111 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი ენბიეის ისტორიაში, მატჩის საწყის მეოთხედში 51 ქულის დაგროვება რომ შეძლო.
აქამდელი რეკორდი – 50 ქულა – ზიარად ეპყრა ხუთს კლუბს, რომელთაგან უკანასკნელმა – „ფინიქს სანზმა“ – ეს თამასა 1990 წლის 10 ნოემბერს დალაშქრა.
„მეომრებმა“ პირველ პერიოდში 10 სამქულიანი ჩაყარეს, რაც კლუბის ახალი რეკორდია, ხოლო მთელი მატჩის განმავლობაში პერიმეტრს მიღმიდან 21 ზუსტი სროლა შეასრულეს. შორი დისტანციიდან მათი სროლის სიზუსტემ საწყის თორმეტწუთეულში 71,4 პროცენტი შეადგინა, სულ კი – 53,8. ხოლო მთლიანობაში ისინი თამაშიდან 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ.
სტეფ კარიმ 13-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, კლეი ტომპსონმა – 8-დან 5, ხოლო კევინ დიურანტმა, ვინაც საპიველმეოთხედო სარეკორდო მონაგარში ლომის, 17-ქულიანი, წილი დაიდო – 7-დან 5. თითო-თითოც კუკის, იერებკოსა და გრინის ანგარიშზეა. ჯამში კარიმ და ტომპსონმა 31-31 ქულას მოუყარეს თავი, დიურანტმა კი მასპინძელთა კალათში 27 ქულა მოათავსა.
ამ გამარჯვების შემდეგ „გოლდენ სტეიტი“ „ნაგითსს“ ცხრილის სათავეში ჩაენაცვლა.