კვირას, სევილიაში „ბეტისთან” სტუმრობისას „რეალს” ხუთი ფეხბურთელი აკლდა: ტონი კროოსი, ლუკას ვასკესი, გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და მარკოს ლორენტე. აი, ისკო კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სანტიაგო სოლარიმ წამითაც არ შეუშვა მოედანზე. არადა, მადრიდელებმა მართალია გაიმარჯვეს (2:1), მაგრამ დიდი სილაღით ვერ გამოირჩეოდნენ — გაუჭირდათ.

რატომ იჯდა ისკო სათადარიგოთა სკამზე? რაიმე დასჯის ფორმაა ასეთი? ზოგი ამბობს, რომ სწორედაც ასეა. თითქოს, პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის განკარგულება რომ არა, სანტიაგო სოლარი ისკოს ათამაშებდა.

თუ ასეა, რას ერჩის პერესი ფეხბურთელს? ამბობენ, რომ ისკომ ოქტომბერში, როდესაც პრეზიდენტს მაშინდელი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის გაგდება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ინტერვიუში თქვა: „მის გაშვება სიგიჟე იქნება. მას თუ გააგდებენ, ბარემ ყველა გაყარონ”.

რა ღვარძლიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ ნათქვამის გამო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეავიწროვოს და მწვრთნელს მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა აიძულოს?

თუმცა, შეიძლება ეს სულაც არ არის სიმართლე. არის მეორე ვერსიაც: კერძოდ, ისკოს ძმაკაცმა აიტორ კოსტამ თავის ინსტაგრამზე პერესის კი არა, სოლარის წინააღმდეგ გაილაშქრა. მან დაწერა: „სოლარიმ ფეხბურთი ისე იცის, როგორც მე ტექნოლოგიები. ის ფეხბურთის მკვლელია!”

ნეტავ, ეს ისკოს მიერ ძმაკაცისთვის ნათქვამი სიტყვების გამოძახილი ხომ არ არის? თუ ასეა, ჩნდება ეჭვი, რომ კონფლიქტი არის არა პრეზიდენტს და ფეხბურთელს, არამედ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის.

ისკოს „რეალთან” 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ იტალიური „ტუტოსპორტი” წერს, რომ მისი შეძენა „იუვენტუსს” სურს, ოღონდ ფლორენტინო სანაცვლოდ ტურინელებისგან პაოლო დიბალას ითხოვს.