ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს ნამდვილი პრესინგი მოუწყო — რა საჭიროა ახალი მწვრთნელის გარეთ ძებნა, თუკი გუნდს ისედაც ექვსიდან ექვსი თამაშის მომგები კაცი ხელმძღვანელობს? თან, „იუნაიტედის” დროებითმა თავკაცმა ბოლო შეხვედრა არც მეტი არც ნაკლები „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მოუგო, გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობს მაურისიო პოჩეტინიო — მწვრთნელი, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებოდა.

მოიაზრებოდა? პოჩეტინიო „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელად ახლაც მოიაზრება. უბრალოდ, მას მერე, რაც კვირას, „უემბლიზე”, მარკუს რეშფორდმა „სფურზის” კარში გოლი გაიტანა, დავიდ დე ხეამ კი საოცარი დარტყმები მოიგერია, ბუქმეიქერებმა სულშერისა და პოჩეტინიოს შანსები თანაბრად მიიჩნიეს. ეს სულშერის დიდ წარმატებას ნიშნავს.

ნორვეგიელმა თქვა: „კვირის თამაში ჩემი და პოჩეტინიოს კარიერული დაპირისპირება არ ყოფილა. ორივენი სამი ქულისთვის ვთამაშობდით. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” დაწევის შანსი რომ შეგვენარჩუნებინა, აუცილებლად უნდა მოგვეგო. შვიდი ქულის ამოქაჩვა შეიძლება, 13 ქულის ამოქაჩვისა კი რა მოგახსენოთ. ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა.

რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ივნისამდე, სანამ კონტრაქტი მაქვს, ყოველდღე თავაუღებელ მუშაობას ვაპირებ, შემდეგ კი დასასვენებლად მინდა წასვლა.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ „ტოტენჰემის” კარში გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა. მას პოლ პოგბამ მიაწოდა საუცხოო გრძელი პასი. რაც შეეხება დე ხეას, ესპანელმა მეკარემ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა — ერთ შეხვედრაში 11 დარტყმა მოიგერია.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს, — თქვა სულშერმა, — მან შარშან „არსენალთან” ჩაატარა ასეთივე ვარსკვლავური შეხვედრა. დავიდმა გუშინ ორი საოცარი დარტყმა მოიგერია, დანარჩენი კი კონცენტრაციის ამბავი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედს” რამდენიმე უდიდესი მეკარე ჰყოლია. მე თუ მკითხვათ დე ხეა ედვინ ვან დერ სარსა და პიტერ შმაიხელს უტოლდება”.