თბილისში ძველით ახალი წლის სუფრები აქა-იქ ჯერაც აულაგებელი იყო, როცა მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრით გაიხსნა.
ტურნირზე მე-19 ნომრად განთესილი ჩვენებურის მეტოქე კრისტოფერ იუბენქსი მსოფლიოში მხოლოდ 171-ეა, მაგრამ ვინც ნიკას იოლ გამარჯვებას ელოდა, იმედები გაუცრუა. თავად განსაჯეთ: 23 ეისი ის ნორმაა, ჯონ ისნერი ან ივო კარლოვიჩიც რომ მოაწერენ ხელს. კრიტიკული მომენტი მესამე სეტში დადგა, როცა ამერიკელმა მორიგი ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. ნიკას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიურად ყოველთვის გაწონასწორებულია. მან ჯერ ბრეიკი დაიბრუნა, მერე კი ტაი-ბრეიკზე სეტიც მოიგო. ამან, ეტყობა, გატეხა ამერიკელი და მეოთხე სეტი ფორმალობადღა იქცა. ბასილაშვილმა 6:4, 4:6, 7:6, 6:3 იმარჯვა. მეორე წრეში მისი მეტოქის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი.