უტევს გიორგი ცხოვრებაძე

მალტაზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპი მასპინძლებთან 48:21 გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, კვიპროსი და აზერბაიჯანი. კვიპროსმა აზერბაიჯანს 25:17 მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული შემოდგომაზე შესარჩევი შეჯიბრების მეორე, ფლეი-ოფის ეტაპზე გადავა.

მალტის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებს აშკარად შეეძლოთ შეხვედრის კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ყველაზე მეტი, 11 გოლი, ქართული ხელბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ფრანგული „მონპელიეს” მარჯვენა ინსაიდმა,  გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. ცხოვრებაძე თებერვალში 18 წლის ხდება და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოსვლის ოფიციალურ უფლებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სერბმა ჯორჯე რაშიჩმა სასტარტო შვიდეული — შოთა თევზაძე, ზურაბ აბრამიშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცხოვრებაძე, რევაზ ჭანტურია, ერეკლე არსენაშვილი — მოედანზე უცვლელად 15 წუთის განმავლობაში დატოვა და 17:3 მოიგო. პირველი ტაიმი დამთავრდა 29:9 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი რაშიჩმა სულ სხვა შემადგენლობით დაიწყო —  გიგა ტორონჯაძე, ჯემალ იმნაძე, ლექსო წითელიშვილი, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე — და ბიჭებმა კვლავ კარგად ითამაშეს. ანგარიში გახდა 33:10, შემდეგ კი დადგა თამაშის ის მონაკვეთი, რომლის გამოც ზემოთ ვთქვით, რომ ქართველებს კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის ქუთაისელი გარემარბისთვის ჯემალ იმნაძისთვის ეს თამაში სადებიუტო გახლდათ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ჯემალმა დებიუტი ორი გოლით აღნიშნა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველო აზერბაიჯანს ხვდება, კვიპროსი კი მალტას.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის მესამე ანუ მთავარი შესარჩევი ეტაპი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყება და მასში უკვე ყველა გრანდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს და შესაბამისად, „მთავარი ეტაპის” 32 მონაწილე არცთუ ცოტა, 20 ადგილს გაითამაშებს. ასე რომ საქართველოს ნაკრებისთვის დიდი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გამორიცხული სულაც არ არის.

დავძენთ, რომ 2019 წელს საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაშიც ჩაერთვება და უშანსოდ იქაც არ არის.