„ფენერბაჰჩე“ – თურქეთის 19-გზის ჩემპიონი, სუპერლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. არც ტრადიციული ბობოლები „ბეშიქთაში“ და „გალათასარაი“ არიან პირველ სამეულში… სამაგიეროდ, ლიდერი „ბაშაკშეჰირია,“ მეორე – „ტრაბზონსფორი,“ მესამე კი „მალათასფორი“… უცნაური განლაგებაა არა?
მაგრამ სწორედ ეს განლაგებაა იმის მაჩვენებელი, რომ თურქულ სუპერლიგას – თავსართი „სუპერ,“ უკვე ზედმეტად მოუჩანს. შეიძლება ჩემპიონი ისევ რომელიმე ბობოლა გახდეს, მაგრამ ეს სურათს მნიშვნელოვნად არ შეცვლის.
თურქული ფეხბურთი, ისევე, როგორც ბევრ აღმოსავლურ ქვეყანაში, საკუთარი ეკონომიკური წესებით ცხოვრობს. ხშირად, კლუბების მფლობელები იმ ვაჭრებს მოგვაგონებენ, საუკუნეების წინათ, ცხრა მთას და ზღვას რომ გადაივლიდნენ ხოლმე, ზიზილ-პიპილოების საყიდლად. ამას უმთავრესად, ცხადია, სიმდიდრის მოსახვეჭად აკეთებდნენ. მაგრამ გავლენისა და ცნობადობის მოსაპოვებლად კიდევ რაღაც ხრიკების მოფიქრება სჭირდებოდათ, რაც ელიტასთან დაახლოებას გულისხმობდა.
შევთანხმდეთ, თურქეთში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. ამაში ჩვენი ტყუპი არველაძეების მაგალითიც გვარწმუნებს, რომლებსაც სიმღერები დაუწერეს და ლამის ღმერთებად შერაცხეს.
ფანატები სწორედ მათ გულშემატკივრებს ჰქვიათ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იქაურ სტადიონებზე ჩასულ ევროპელ მოწინააღმდეგეებს კი ნამდვილი ჯოჯოხეთი ელით ხოლმე. მაგრამ რაც შეეხება მათი კლუბების მამებს, ხშირ შემთხვევაში, ისინი უფრო თავის გამოსაჩენად, ცნობადობის ასამაღლებლად და ელიტასთან მისატმასნად იყენებენ ფეხბურთს. ამიტომ არ გამოსდით მწყობრი, გააზრებული, პერსპექტივაზე გათვლილი, წარმატებული კლუბების მშენებლობა.
ამის შედეგია მწვრთნელებისა და სპორტული დირექტორების ხშირი ცვლა. გაურკვეველი სტრატეგია ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმების საშუალებას არ იძლევა. მოდის ახალი მფლობელი თავისი ხალხითა და ხედვით (ხშირად არასაფეხბურთოთი) და ყველაფერი თავიდან იწყება. შედეგად, კლუბებს აურაცხელი ვალები დაუგროვდათ.
არ გეცნობათ ჩვენებური ვითარება? უბრალოდ, ჩვენში ნაკლები ფული ტრიალებს, თორემ მიდგომა იგივეა. ცხადია, არიან გამონაკლისებიც, მაგრამ უმრავლესი კლუბების მფლობელები, განსაკუთრებით მუნიციპალურების, ხშირად ფეხბურთის კაცები არ არიან. სტრატეგიას, მენეჯმენტს და თითქმის ყველაფერს საკუთარ თარგზე ჭრიან და შედეგად ვიღებთ იმ ერთ-ორ წლიან გუნდებს, რომლებისგანაც ცოტა ხანში აღარაფერი რჩება.
მახსოვს, ერთი მდიდარი კაცის ნათქვამი: ფეხბურთში მოსვლამ ძალიან პოპულარული გამხადაო. გულწრფელად უხაროდა იმ კაცს ეს ამბავი…