„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო შეაქო. ნორვეგიელის აზრით, არგენტინელი მისი თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობას იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი” კვირას, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე „უემბლიზე” სწორედ „სფურზს” სტუმრობს.
ყველასთვის ცნობილია, რომ სულშერი მანჩესტერელთა თავკაცად სეზონის ბოლომდე დანიშნეს და მის სავარაუდო შემცვლელად ყველაზე ინტენსიურად სწორედ პოჩეტინიოს ასახელებენ. იმავდროულად, წარმატების შემთხვევაში, არც ნორვეგიელის დარჩენაა გამორიცხული.
„პოჩეტინიო იმსახურებს იმას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავდნენ, — თქვა სულშერმა გუნდის დუბაიდან დაბრუნების შემდეგ, — მაგრამ მწვრთნელების შედარება ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმე ფეხბურთელების მომზადებაა”.
21 ტურის შემდეგ „ტოტენჰემ ჰოთსპური” პრემიერლიგის ცხრილში მე-3 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს” 10 ქულით უსწრებს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამ ეტაპზე ორივე გუნდის ამოცანა ოთხეულში შესვლაა.
მას მერე, რაც სულშერმა ჟოზე მოურინიუ შეცვალა, „იუნაიტედმა” ხუთი თამაში ჩაატარა და ხუთივე მოიგო, მაგრამ ამ გუნდებიდან („კარდიფ სიტი”, „ჰადერსფილდი”, „ბორნმუთი”, „ნიუკასლი” და „რედინგი”) სერიოზულ შემმოწმებლად ერთიც არ ითვლება. თუმცა, მანჩესტერელთა დროებითი თავკაცი ამბობს, რომ „სფურზთან” თამაში სულაც არ რის მისი გუნდის პირველი ტესტი.
„ჩვენ უკვე შეგვამოწმეს, — თქვა ნორვეგიელმა, — განა „ნიუკასლთან” სტუმრობა ტესტი არ იყო? ანდა განა ტესტი არ გახლდათ პირველი თამაში კარდიფში? საერთოდაც, პრემიერლიგაში ყველა შეხვედრა გამოცდაა. თუმცა, „ტოტენჰემი” ტოპ-გუნდია და თუ ჩვენ მისი დაწევა და გადასწრება გვინდა, კვირას „უემბლიზე” კარგად უნდა ვითამაშოთ და კარგ შედეგსაც უნდა მივაღწიოთ. „სფურზის” ძლიერი მხარეები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ იმავდროულად ჩვენც გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარე, ეს არის შეტევა და ცხადია ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ”.
„იუნაიტედის” ბანაკში კარგი ამბებია: დიდი შანსია, რომ პოლ პოგბამ „ტოტენჰემთან” ითამაშოს.
„პოგბას მართლაც ჰქონდა ტრავმა, მაგრამ ბოლო რამდენიმე ვარჯიში კარგად ჩაატარა და იმედი მაქვს, რომ „ტოტენჰემთან” მოედანზე გავა”, — თქვა სულშერმა.