ინგლისში გავრცელდა ხმა, რომ აარონ რემზი ზაფხულში „იუვენტუსში” გადავა და ამ ამბავს ერთ კვირაში გამოაცხადებენ. უელსელი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი გასამრჯელო კვირაში 200 000 გირვანქა ანუ 221 219 ევრო იქნება.
იტალიური „სქაის” ცნობით, „ბებერი ქალბატონი” ტრანსფერის ამბავს „მილანთან” იტალიის სუპერთასის მატჩის შემდეგ გამოაცხადებს. სუპერთასის შეხვედრა 16 იანვარს არის დანიშნული.
28 წლის რემზი „არსენალს” ზაფხულზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ეს კლუბის მხრიდან ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაა ფეხბურთელისადმი, რომელიც 2008 წლის შემდეგ „მეთოფეა”. უელსელს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ივნისში გაუდის. კლუბმა ფეხბურთელთან ხელშეკრულების განახლებაზე ჯერ კიდევ შარშან თქვა უარი.
აღსანიშნავია, რომ რემზის შეძენას არაერთი ევროპული კლუბი ცდილობდა. „იუვენტუსის” გარდა ასახელებდნენ „მილანს”, „რეალს” და „ჩელსისაც” კი.
2008 წელს აარონ რემზის მშობლიური „კარდიფ სიტიდან” გადაბირება „არსენალის” გარდა „მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა, მაგრამ მაშინ ვაჭრობაში არსენ ვენგერმა ალექს ფერგიუსონს აჯობა.
ათ წელიწადში რემზიმ „არსენალის” შემადგენლობაში 300 თამაში ჩაატარა და კლუბის საკულტო ფიგურა გახდა. ის „მეთოფეთა” გულშემატკივრების მეხსიერებაში ყველაზე მეტად 2014 წლის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, 109-ე წუთზე „ჰალ სიტის” კარში გამარჯვების გოლის (3:2) ავტორად დარჩება. რემზიმ დიდი მონაწილეობა მიიღო „არსენალის” მიერ ტიტულის შემდეგ წელიწადს შენარჩუნებაში. მან 2017 წელს, ასევე ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, „ჩელსის” გაუტანა გადამწყვეტი გოლი.