კვირა საღამოს „რეალმა” ისევ წააგო. ამჯერად „რეალ სოსიედადთან”, 0:2. ეს მიმდინარე სეზონში მადრიდული კლუბის მეექვსე ჩავარდნა იყო. ექვსიდან სამჯერ „ლოს ბლანკოსი” ლა ლიგაში დამარცხდა. შედეგად, „რეალი” ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას” კი 40 ქულა აქვს.
მადრიდელთა პრობლემებს ბოლო დროს უელსელი ვარსკვლავის გარეთ ბეილის ტრავმაც დაემატა. „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში ბეილი სათადარიგოთა სკამზეც კი არ იჯდა, მაყურებლის რანგში გახლდათ და… 78-ე წუთზე საერთოდ სტადიონიდან წავიდა. საინტერესოა, რომ ამ მომენტისთვის ანგარიში ჯერ კიდევ 0:1 იყო. ბასკური გუნდის ფეხბურთელმა რუბენ პარდომ მეორე გოლი 83-ე წუთზე შეაგდო.
ნუთუ ბეილმა დაინახა, რომ „რეალი” ანგარიშის გამთანაბრებელი არ იყო? ან იქნებ იმასაც მიხვდა, რომ სტუმრები მეორესაც გაიტანდნენ? ასეა თუ ისე, მას-მედიის აზრით ის, რაც ულესელმა გააკეთა, „თეთრების” ბოსებს არ მოეწონებოდათ.
ბეილმა „სანტიაგო ბერნაბეუ” ნაადრევად დატოვა, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი არც კი მისულა. სტადიონზე, სადაც 81 044 მაყურებელი ეტევა „რეალ სოსიედადთან” შეხვედრას 53 412 ადამიანი დაესწრო.
მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა თქვა: „ჩვენ ყოველ შეხვედრაში არ უნდა მოვ..ათ. არ შეიძლება ყველა თამაშის წაგება მწვრთნელს ბრალდებოდეს. ამდენი თავის გამართლება დაუშვებელია. დროა ფეხბურთელები დავსხდეთ და ერთმანეთში ვილაპარაკოთ. ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს რატომ ხდება ასეთი რამ. რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ხანდახან ყველაფერი ხდება, მაგრამ ამდენჯერ არ უნდა მეორდებოდეს”.