16 წლის წინ რომან აბრამოვიჩს შეეძლო „არსენალი” ეყიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ბანკირებმა შეცდომაში შეიყვანეს და… ის „ჩელსის” მეპატრონე გახდა.
კიდევ, რუსმა ოლიგარქმა რამდენჯერმე ცადა იმავ „მეთოფეთა” კლუბიდან იმხანად საუკეთესო ფორმაში მყოფი დიდი ფრანგი თავდამსხმელის, ტიერი ანრის გადაბირება, მაგრამ არ გამოუვიდა.
ეს ყველაფერი წერია წიგნში, რომელსაც „კლუბი” (The Club) ჰქვია და რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალის” ორმა ჟურნალისტმა დაწერა. ვფიქრობთ, არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა გამოცემაა „ვოლ სტრიტ ჯორნალი”. აქედან გამომდინარე იოლი მისახვედრია, რამდენად სერიოზული იქნება ნაშრომი, რომელიც ამ ამერიკული (ნიუ იორკული) ბიზნეს ჟურნალის ავტორებმა შემოგვთავაზეს.
დავაზუსტებთ, რომ „კლუბის” ავტორები წიგნის მასალების მოპოვებისას პრემიერლიგის ყველა კლუბის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მთისა თუ ბარის ამბები დაწვრილებით გამოკითხეს.
წიგნის თანახმად, 2003 წელს, რომან აბრამოვიჩმა დაიქირავა შვეიცარიული ბანკი UBS და მის ექსპერტებს ინგლისური საფეხბურთო ეკონომიკის დეტალური შესწავლა დაავალა. შვეიცარიელებმა პრემიერლიგის სრული ანალიზი ჩაატარეს და აბრამოვიჩს უთხრეს, რომ ვინ-ვინ და „არსენალი” ნამდვილად არ იყიდებოდა, ასე რომ, „მეთოფეებთან” მოლაპარაკების დაწყება დროის ხარჯვა იქნებოდა და მეტი არაფერი.
შედეგად, რუსმა მილიარდერმა 140 მილიონ გირვანქად შეიძინა „ჩელსი” და მას მერე დასავლეთ ლონდონელთა კლუბი ხუთჯერ პრემიერლიგის ჩემპიონი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. არადა, როგორც ირკვევა, „არსენალის” პატრონები კარგი შეთავაზების შემთხვევაში სულაც არ იტყოდნენ კლუბის გაყიდვაზე უარს.
წიგნში მოთხრობილია კიდევ ერთი საინტერესო ამბავი. კერძოდ, კვლავ და კვლავ „ჩელსის” ტყიდვამდე როგორ მივიდა აბრამოვიჩი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარესთან კლუბის ყიდვის საკითხზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ როდესაც თავისი „მერსედესით” ტოტენჰემ ჰაი როუდზე გაიარა, რუსულად ჩაილაპარაკა: „ეს ადგილი ომსკზე უარესია”.
ომსკში აბრამოვიჩს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ჰქონდა.