„ბაიერნის” ბოსებმა თავიანთ ლეგენდარულ პრეს-კონფერენციაზე კლუბის წევრთათვის დადგენილი მორალური სტანდარტები გაასაჯაროვეს. უპირველეს ყოვლისა მათ თქვეს: „ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია!”
ეს სიტყვები კერძოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ეკუთვნის, რომელმაც გამოაცხადა, რომ სხვისი ღირსების პატივისცემა „ბაიერნის” მორალური კოდექსის პირველი თავის პირველივე ანუ უმთავრესი პუნქტია. რასაკვირველია, „ბაიერნი” ცამდე მართალია, მაგრამ როგორ იცავს ამ კოდექსს მათი ფრანგი თავდამსხმელი, 35 წლის ფრანკ რიბერი?
გავიხსენოთ, რომ ბოლო პერიოდში რიბერიმ რამდენიმე სკანდალში გაყო თავი. 2018 წლის ნოემბერში მან საფრანგეთის ტელევიზიის ჟურნალისტს გაარტყა და მერე მართალია ბოდიში მოიხადა, მაგრამ აშკარად ყასიდად.
ახლახან კი ფრანგმა თავის ინსტაგრამზე ასე დაპოსტა: „თქვენი დედები, ბებიები და კეთილები მოვ…ან ყველასი”.
ვის დაერია „ბაიერნის” ღვაწლმოსილი ვეტერანი? ვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრანკის და მისი მეუღლის ვაჰიბას მიერ მოოქროვილი სტეიკის ჭამა ქაჯობად მიიჩნია და ამის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა.
მოოქროვილი სტეიკი რიბერების ოჯახს 1200 ევრო დაუჯდა.
სტეიკის დამზადების კადრები ქვემოთ იხილეთ.