რა არის „გლობ სოკერი” და რას ნიშნავს მისი დაჯილდოება? „გლობ სოკერის” ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელობა ფიფას ან „ფრანს ფუტბოლის” ვერსიებზე ნაკლებ პრესტიჟულია, მაგრამ ხელწამოსაკვრავი არ გახლავთ, რადგან მას ფეხბურთელთა აგენტების ევროპული ასოციაცია და ევროპულ კლუბთა ასოციაცია ატარებენ. მოკლედ, სხვებზე ნაკლებ არც ეს ხალხი ერკვევა ფეხბურთში.
2019 წელს „გლობ სოკერის” გალა ცერემონიალი დუბაიში გაიმართა. 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა „იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. მასვე გადასცეს ჯილდო, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორისთვის გახლდათ განსაზღვრული. ეს არის გოლი, რომელიც რონალდუმ „რეალის” მაისურით თავის ახლანდელ გუნდს „იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გაუტანა — ლაპარაკია მაკრატელა დარტყმაზე, რომელიც ბუნებრივია ყველას დღემდე თავლწინ უდგას და კიდევ დიდხანს ემახსოვრება.
2018 წლის კლუბად დაასახელეს მადრიდის „ატლეტიკო”. ჯილდო „როხიბლანკოს” (ან თუ სხვა მეტსახელი გნებავთ „მატრასების”) პრეზიდენტმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა ჩაიბარა.
წლის საუკეთესო მწვრთნელობა საფრანგეთის ნაკრების თავკაცს, მსოფლიოს ჩემპიონ დიდიე დეშამს ერგო.
წლის საუკეთესო დირექტორის წოდება „იუვენტუსის” სპორტულ საქმეთა კვაჭს ფაბიო პარატიჩის ხვდა, წლის აგენტი კი გახდა ჟორჟი მენდისი — რა არის გასაკვირი, მეორემ პირველს „რეალისგან” არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ აყიდინა.
„გლობ სოკერის” აზრით, 2018 წელს ყველაზე დიდი პროგრესი ფრანგმა ბლეზ მატუიდმა განიცადა. მატუიდი „იუვენტუსში” თამაშობს.
წარსულის დამსახურებებისთვის ჯილდოები მიიღეს ზვონიმირ ბობანმა, ფაბიო კაპელომ და ბრაზილიელმა („ფენომენმა”) რონალდომ.
„2019 წელი შესანიშნავი ჯილდოს მოგებით დავიწყე, — თქვა კრიშტიანუმ ცერემონიალზე, — 2018 წელი კი უკვე წარსულია. მოსახდენი მოხდა და გამოკიდება აღარ ღრს”.
როდესაც წლის საუკეთესო გოლზე ჰკითხეს, რონალდუმ უპასუხა: „სამწუხაროდ, საუკეთესო გოლი ჩემი ახლანდელი გუნდის კარში გავიტანე და ამით მაინცდამაინც ბედნიერი არ ვარ. კარიერაში 700 გოლი მაქვს გატანილი და მათ შორის საუკეთესო მართლაც „იუვეს” კარში შეგდებული გახლავთ. ყველა, ვინც ფეხბურთში ერკვევა მიხვდება, რომ იმ გოლის გატანა იოლი არ იყო”.