„უოტფორდის” კარში ორი გოლის გატანის შემდეგ ედენ აზარმა „ჩელსის” ფანები სიტყვითაც გაახარა — თქვა, რომ სურს გახდეს კლუბის ლეგენდა, როგორებიც იყვნენ ჯონ ტერი და ფრენკ ლემპარდი. ეს ყველამ აღიქვა, როგორც ბელგიელის გადაწყვეტილება „ლურჯებთან” კონტრაქტი გააგრძელოს, მაგრამ გავიდა სულ რამდენიმე საათი და 27 წლის შემტევმა დასძინა, ზაფხულამდე ხელს არაფერს მოვაწერო.

აზარს მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით „სტემფორდ ბრიჯზე” 2019 წლის ზაფხულამდე უწევს დარჩენა. ჟურნალისტები ფეხბურთელს ჩაეძიენ, ნიშნავდა თუ არა მისი პირველი განცხადება იმას, რომ ის „ჩელსიში” აპირებს დარჩენას. მან უპასუხა: „ახლა მთელი ყურადღება მოედანზე მაქვს გადატანილი. დანარჩენი სეზონის ბოლოს გამოჩნდება”.

აზარი თებერვალში 28 წლის გახდება. ის „ჩელსის” მაისურით უკვე მეშვიდე სეზონს ატარებს. ფაქტია, რომ თანამედროვე ფეხბურთში შვიდწლიანი ერთგულება უკვე ძალიან ბევრია. ის ეპოქა, როდესაც მოთამაშეები მთელ კარიერას ერთ კლუბში ატარებდნენ წარსულს ბარდება. დიდძალი ფული თავისას შვრება და ერთგულება როგორც წესი ახალ შეთავაზებამდე გრძელდება.

„ჩელსის” მწვრთნელი მაურიციო სარი ედენ აზარზე ამბობს, რომ იმ ისევე მნიშვნელოვანია „ლურჯებისთვის”, როგორც ლეო მესი „ბარსელონასთვის”. მოსალოდნელია, რომ კლუბი შეეცდება მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ჯიბიდან შეძლებისდაგვარად მეტი თანხა ამოაძვრინოს, რათა ბელგიელი დაიტოვოს.

მეორე მხრივ, ბოლოხანს აზარს ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშებენ, რაც მას არ სიამოვნებს. გარდა ამისა „ჩელსი” ბოლო ოთხ სეზონში შესაძლოა მესამედ დარჩეს ჩემპიონთა ლიგის მიღმა და ამიტომაც ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ უნდა უნდოდეს ვარსკვლავს დარჩენა? ამას დაამატეთ ბოლოხანს გაძლიერებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ აბრამოვიჩმა შესაძლოა „ჩელსი” გაყიდოს ანუ დიდი შანსია კლუბს დაფინანსება შეეზღუდოს.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ედენ აზარმა „უოტფორდის” კარში ორი გოლი გაიტანა. შედეგად, ის გახდა ისტორიაში მეათე ფეხბურთელი, რომელმაც „ლურჯი” მაისურით ასზე მეტი გოლი გაიტანა.

„რასაკვირველია, სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი ბუნებრივი პოზიცია ფრთაზეა. თავს უკეთ ვგრძნობ, როდესაც გარემარბად მათამაშებენ”, — თქვა ბელგგიელმა.