წლევანდელი პრემიერლიგა უკვე ისტორიულია. თამაშის ხარისხზე მოგვიანებით ვთქვათ და ჯერ ციფრები გავიოცოთ.
– ეს სეზონი საუკეთესოა ლივერპულის ისტორიაში: 14 მოგება, 3 ფრე და 0 მარცხი. ეგ კი არა, ლივერპულმა ზედიზედ სამი მატჩიც რომ წააგოს, მიმდინარე სტარტი მაინც საუკეთესო იქნება მისთვის პრემიერლიგაში.
– სიტის დღეისთვის 44 ქულა აქვს და ისტორიაში უკეთესი სტარტი მხოლოდ შარშან ჰქონდა.
– პრემიერლიგის ისტორიაში 17 ტურის შემდეგ არასოდეს ორ გუნდს 40 ქულაზე მეტი არ ჰქონია.
– 44 ქულა სიტის ეყოფოდა, რომ ბოლო 10 სეზონიდან 9-ში 17 ტურის შემდეგ ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ არა წელს.
– პრემიერლიგის ისტორიაში 17 ტურში ლივერპულზე ნაკლები (-7) ჯერ არავის გაუშვია.
– სიტის ფენომენალური შეტევა აქვს – 48 გოლი (სხვაობა +38). უფრო მეტი ლიგის ისტორიაში სიტისვე ჰქონდა შარშანდელ სეზონში.
ეს ციფრები იყო. გვარდიოლას სიტი დიდებულია, მაგრამ პირველზე ლივერპულია… პირველზე ლივერპულია, მაგრამ ფავორიტად მაინც სიტის თვლიან…
პარადოქსია? ვეცდებით, განვმარტოთ.
ლივერპული შარშანაც ჩინებული იყო, მაგრამ რამდენადაც კარგი იყო სისწრაფეში, იმდენადვე პროგნოზირებადი იყო პოზიციურ შეტევებში. პოზიციური შეტევა სიტის კოზირი უფროა – გვარდიოლა გამჭოლ გადაცემებს და მეტოქის პოზიციურ სისუსტეებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მაგრამ ლივერპულიც იხვეწება. ცალკე თემაა, რომ კარის დარაჯ ალისონს ევროპაში სეივების საუკეთესო პროცენტი (86) აქვს და დე ხეასაც აღემატება. შეიცვალა ნახევარდაცვაც. გამთამაშებელ საყრდენად ვეინალდუმს აქამდე არ უთამაშია, მაგრამ გამოუვიდა.
წინამორბედ ჰენდერსონთან შედარებით ჰოლანდიელი შეხვედრაში 30 გადაცემით ნაკლებს ასრულებს. კარგია თუ ცუდი? ვეინალდუმს პასის სიზუსტე ფანტასტიური აქვს. შესაბამისად, არ სჭირდება მცველებთან ბურთის გათამაშება ან უმიზნო დიაგონალები. ზუსტი და დროული პასი შეტევას ტემპს და ეფექტურობას მატებს.
ზემოთ ნახსენები დეტალების მსგავსი კიდევ ბევრია, მაგრამ მთავარი მაინც ლივერპულელთა დამრიგებლის, იურგენ კლოპის ფილოსოფიაა:
“არ მინდა მოგება, რომლის არსს და მიზეზსაც ვერ ჩავწვდები. მირჩევნია მარცხი, რომელსაც ავხსნი და გაკვეთილად გამივიყენებ. ახლოვადიანი გეგმებისთვის აუხსნელი გამარჯვებაც ივარგებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივას შემთხვევითობები და სიურპრიზები არ უყვარს,” – ამბობს კლოპი.
საკამათო ფილოსოფიაა, მაგრამ პრემიერლიგას ორი ღირსეული ფავორიტი ჰყავს – კლოპი და გვარდიოლა. ლივერპული და სიტი. გიჟების ბანდა და კარგად დაზეთილი მექანიზმი.
ჯერჯერობით, მიმდინარე სეზონი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დამაინტრიგებლად მოინათლა.
ჩვენ გვიყვარს ინტრიგა…