როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი.

ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი.

მალაგელი გამთამაშებელი „რეალში” 2013 წელს გადავიდა. რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ მას მადრიდულ კლუბში ყველაზე ცუდი პერიოდი დაუდგა. მართალია, „თეთრების” ახალმა თავკაცმა, არგენტინელმა სანტიაგო სოლარიმ რამდენიმე დღის წინ ისკოს პირად საუბარში ნდობა გამოუცხადა, მაგრამ საქმეს ნდობისა არაფერი ეტყობა. AS წერს, რომ ერთია მოგწონდეს ფეხბურთელის თამაში და მეორე ის გუნდს მოარგო, გამოიყენო. მეორე პირველზე გაცილებით მნიშვნელოვანიაო, აცხადებს პორტალი და რიცხვები მოჰყავს: „სანტიაგო ბერნაბეუზე” მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ისკომ მოედანზე 1080-დან მხოლოდ 314 წუთი დაჰყო, რაც სრული სათამაშო დროის 29 პრცენტი გახლავთ.

AS-ს თქმით, მოედანზე გატარებული წუთების ასეთ სიმცირეს ემატება მალაგელის ბოლოდროინდელი დაპირისპირება გულშემატკივრებთან და გუნდის მძიმეწონოსნებთან.

ამრიგად, ისკო „მანჩესტერ სიტიში” გადასასვლელად ემზადება და სწამს, რომ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ძლიერად ათამაშდება.

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც გამთამაშებელი შესაძლოა „სიტიში” გადავიდეს, ედენ აზარის „ჩელსიდან” „რეალში” შესაძლო გადაბარგებაა. იმ შემთხვევაში თუ ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავა, ისკოს მოედანზე გამოჩენის შანსი კიდევ უფრო შეუმცირდება.

ისკოს უნდა კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს და თუ ეს „რეალში” აღარ გამოვა, ძალას „მანჩესტერ სიტიში” ცდის.