ალექსის სანჩესმა თანაგუნდელებს WhatsApp-ით მესიჯი დაუგზავნა, ჟოზე მოურინიუზე ნიძლავი მოვიგეო. ჩილელი, რომლის ხელფასი კვირაში 505 000 გირვანქაა და რომელსაც მოურინიუს იმედგაცრუებას ეძახიან, რადგან კლუბმა ის პორტუგალიელის დაჟინებით იყიდა, მან კი ვერ გაამართლა, ახლა მარკუს როხოსგან მოგებულ 20 000-ს ითხოვს.
სანჩესის მესიჯში წერია: „ხომ გეუბნებოდით!! მთავარი მოთმინებაა. როხო, შენ კი ჩემი 20 000 გმართებს”.
ინგლისური მედიის აზრით, „იუნაიტედის” ხელმძღვანელობას, რომელმაც სანჩესის გამო თავისი სახელფასო სტრუქტურა და პრინციპი დაარღვია, ჩილელის ეს გზავნილი აუცილებლად შეაშფოთებს. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ არის: კლუბის ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი თურმე თანაგუნდელებს მწვრთნელის გაგდებაზე ენიძლავებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცხადია არც ფანებს მოეწონებათ.
სანჩესმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს ეს მესიჯი ჩილედან დაუგზავნა, თავისი ოცდამეათე დღეობის წინა დღეს. შემდეგ კი ინსტაგრამზე გავრცელდა წვეულების ფოტოები, სადაც ის, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ტორტს მიირთმევენ და ტკბილეულის ნაწილით თავდამსხმელს სახეც კი აქვს მოთხვრილი.
სოციალურ ქსელში აგრეთვე გამოჩნდა ფოტო, სადაც სანჩესი ცხენზე ზის, არადა „იუნაიტედმა” ჩილეში ორთავა კუნთის მოსარჩენად გაუშვა.
ამბობენ, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით გულშემატკივრებს გააღიზიანებს. ფანები ხომ ერთი წლის წინ „არსენალიდან” გადმოყვანილი ფორვარდით ისედაც ძალიან უკმაყოფილოები არიან.
შეგახსენებთ, რომ მოურინიუმ შარშან სანჩესი კრიტიკისგან დაიცვა. მან თქვა, შუა სეზონში გადმოსულ კაცს ახალ გუნდთან ასე უცებ შეწყობა რომ გაუჭირდებოდა იმთავითვე ცხადი იყოო. მაგრამ, გავიდა დრო და სანჩესის თამაშს უკეთესობა არ დაეტყო. ახალ სეზონში სამხრეთ ამერიკელმა 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
შემდეგ, მწვრთნელსა და ფეხბურთელს კონფლიქტი მოუვიდათ. მიზეზი: ფეხბურთელმა მწვრთნელი ტაქტიკის გამოც გააკრიტიკა და იმიტომაც, რომ მას ხშირად არ ათამაშებდა. ჟურნალისტებმა ისიც გაიგეს, რომ სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას ნანობდა, რის შესახებაც თანაგუნდელებსაც შესჩიოდა და თავის აგენტებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა.
ერთი წლის წინ, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „მანჩესტერ იუნაიტედმა” სანჩესი ზედ ცხვირწინ ააცალა „მანჩესტერ სიტის”. სავარაუდოდ, თავდამსხმელი ამასაც ძალიან ნანობს.
და სანამ ალექსის სანჩესი ჟოზე მოურინიუს გაგდებას ჩილეში ზეიმობს, მანჩესტერში პოლ პოგბამ გაიხარა. ქერინგტონის ბაზიდან გამოვიდა ხმები, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა მოურინიუს გაშვების შემდეგ შეჰყვირა: „მას ეგონა, რომ გამასულელებდა და ფანებს ჩემ წინააღმდეგ აამხედრებდა. ის შეცდა”.
თუმცა, ბოლო ორი სიტყვა პოგბამ გაცილებით უხეშად წარმოთქვა.