„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაგდების შემდეგ ჟოზე მოურინიუმ პირველი კომენტარი გააკეთა. მან ჯერ „სქაი სპორტს” უთხრა ორიოდ სიტყვა, შემდეგ კი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
„განსაკუთრებულმა” „სქაისთან” ლაპარაკში თქვა: „ამიერიდან, „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ჩემგან, ჩემი მომავალი კი „მანჩესტერ იუნაიტედისგან” არის დამოუკიდებელი. ამაზე მეტი რატომ უნდა ვილაპარაკო? ჩემს გრძნობებს არავის გავუზიარებ, ფანებსაც კი. მორჩა და გათავდა. გუნდიდან წასვლის საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ასეთი იყო. მე სხვა გუნდების მწვრთნელებს ვაკრიტიკებდი, როდესაც ისინი ყველაფრის მოყოლას იწყებდნენ — რა მოხდა კლუბში, ვინ იყო დამნაშავე და ასე შემდეგ. მე ასეთი არ ვარ”.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიუ სამშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს და მის ნაცვლად, დროებით მწვრთნელად ვეტერანი ნორვეგიელი თავდამსხმელი ოლე გუნარ სულშერი დანიშნეს.
მოურინიუმ განაგრძო: „მინდა წერტილი გუშინდელ დღეზე დავსვა. იმედი მაქვს, რომ მედია ჩემს დამოკიდებულებას პატივს სცემს და ფეხბურთში ჩემ დაბრუნებამდე დუმილს შეინარჩუნებს. მეც მაქვს ცხოვრების უფლება. ამ ეტაპზე სეირნობა და შოპინგი მინდა. „მანჩესტერ იუნაიტედი” კი წარსულს ჩაბარდა”.
ხოლო პირად ოფიციალურ განცხადებაში „განსაკუთრებულმა” როგორც წესი და რიგია დაწერა, რომ ის ამაყია რადგან „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრობა ხვდა წილად. ისევე როგორც მის წინა კლუბებში მან „იუნაიტედშიც” ბევრი შესანიშნავი ადამიანი გაიცნო და ასე შემდეგ.