კილიან მბაპე დღეს 20 წლის გახდა. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობისკენ მიიწევს. „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა „ლე პარიზიენს” ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ.

რას ნიშნავს ოცი წელი?

არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.

რომელი იყო თქვენი საუკეთესო დაბადების დღე?

14 წლის რომ გავხდი, ერთი კვირა „რეალში” ვივარჯიშე. მაშინ გამიმართლა, ზინედინ ზიდანს და კრიშტიანუ რონალდუს შევხვდი. „რეალის” სხვა ვარსკვლავებიც იქ იყვნენ. თავს საოცრად ბედნიერად ვგრძნობდი.

რა საჩუქარს ისურვებდით ყველაზე მეტად?

ამ სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

ბავშვობის კერპები?

ბევრი კერპი მყავდა, მაგალითად  ლებრონ ჯეიმსი და როჯერ ფედერერი. ვიყავი კრიშტიანუ რონალდუს ნამდვილი ფანი, მის ჟესტებს ვბაძავდი. შემდეგ გამიმართლა და საფრანგეთის ნაკრების ბევრ ვარსკვლავს პირადად შევხვდი. მათ შორის იყვნენ ზინედინ ზიდანი და ტიერი ანრი.

ძველი ფეხბურთელებიდან ვისთან ერთად ითამაშებდით?

ადვილი კითხვაა. რასაკვირველია, ზინედინ ზიდანთან.  ყველა ფრანგი ამავეს ისურვებდა.

რაზე გწყდებათ გული?

იმიტომ კი არა, რომ ცნობილი ვარ და ვეღარ ვიცლი, უბრალოდ ისეთ სპორტს მივსდევ, რომ თხილამურებზე დგომა სახიფათოა. არადა, ყველაზე მეტად სწორედ თოვლში სრიალი მენატრება. თხილამურებზე პირველად ორი წლისა დავდექი და თხუთმეტ წლამდე ვსრიალებდი. ფეხბურთელის კარიერას რომ დავასრულებ, ტრასას ვიქირავებ და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გულს ვიჯერებ.

რა იქნება ოცი წლის შემდეგ?

იმედი მაქვს, რომ ოცი წლის შემდეგ მწვრთნელი ვიქნები. მამაჩემმა ვილფრიდმა და ბიძაჩემმა პიტერმა ცხოვრებაში გზა გამიკვალეს და მათი ნაჩვენები გეზი ყოველთვის მხიბლავს.