საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ გახდა და ეს კარგი ამბავია…
კარგია, იმის მიუხედავად, გულშემატკივრობთ თუ არა ამ გუნდს…
კარგია, იმიტომ, რომ გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი გარჯისა და ოფლისღვრის ფასად მივიდა ტრიუმფამდე. ბავშვთა ფეხბურთით დაწყებული ისტორია, ქვეყნის ჩემპიონობით დამთავრდა და გვგონია, რომ ეს ქართულ ფეხბურთში კიდევ რაღაც ახლის დასაწყისია.
ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ბევრი ერთი-ორწლიანი გუნდები გვინახავს, რომლებიც მდიდარი ადამიანების სათამაშოები უფრო იყვნენ, ვიდრე სერიოზული პროექტები. ახლა კი…
საბურთალოელები პირველად უმაღლეს ლიგაში 2015 წელს გამოჩდნენ და აი, სამი წლის თავზე უკვე ჩემპიონები არიან. სწორად მუშაობენ და იმიტომ.
„საბურთლომ“ ამ ხნის განმავლობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გაზარდა, მათ შორის: გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ბაჩანა არაბული, დავით ხოჭოლავა…
ამჟამად კლუბს აქვს თავისი აკადემია. ჰყავს სულ ციცქნა ბიჭებიდან დაწყებული 15, 17 და 19 წლამდელთა გუნდები. ასევე „საბურთალო -2.“ მისი ბევრი ფეხბურთელი ასაკობრივ ნაკრებებშიც ირჯება.
კლუბი 1999 წლის ზაფხულიდან არსებობს. თავადაც საბურთალოელი გახლავართ და სწორედ ის 161-ე სკოლა დავამთავრე, რომლის ეზოშიც დაიწყო კლუბის ისტორია. გუშინდელივით მახსოვს, როგორ დააფუძნეს კლუბი გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ. პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე გახლდათ.
ერთ პაწია მოედანზე ბურთაობდნენ, რომელზეც ადრე ფიზკულტურის გაკვეთილები გვიტარდებოდა ხოლმე, მაგრამ ენთუზიაზმი ზღვარგადასული ჰქონდათ. პირველი თაობა 1993 წელს დაბადებულებისა ჰყავდათ.
2005 წლიდან კი ახალი ეპოქა დაიწყო. კლუბი ჰოლდინგმა „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ შეიძინა, რომლის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლავთ.
ამ წლების განმავლობაში კლუბის განვითარებისთვის, განხორციელდა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, რაც უმთავრესად სათამაშო მოედნების ასაშენებლად და ევროპული დონის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად გამოიყენეს. ყოველწლიურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხორციელდება მწვრთნელთა გადამზადება და სპორტსმენთა სისტემატური სტაჟირება ევროპული ქვეყნების წამყვან კლუბებში.
მცირე დროში, „საბურთალომ” შეძლო 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე ფეხბურთელების აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვა და თავისივე აღზრდილი ფეხბურთელებით უმაღლეს ლიგაში გადასვლა, სადაც ზედიზედ სამი წელია წარმატებით ასპარეზობს. ამ მოდელმა განაპირობა უპრეცენდენტო წარმატება ქართულ საფეხბურთო სივრცეში. ჩემპიონობიდან კი გზა გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისკენ და როგორც ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კვლავაც გააგრძელებენ ეფექტურ სატრანსფერო პოლიტიკას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„საბურთალოს“ დამრიგებელი 39 წლის გია ჭიაბრიშვილი მეორედ გახდა ჩემპიონი. პირველად ეს 2012 წელს მოხდა, როცა სულ ახალგაზრდა სპეციალისტმა „ზესტაფონი“ გააპირველა. თუმცა ზეიმი მაშინ გაურკვევლობამ გააფერკმრთალა. შეგახსენებთ, რომ მაშინდელმა ფედერაციამ, თავიდან რუსთავის „მეტალურგი“ გამოაცხადა ჩემპიონად, „ზესტაფონი“ კი მეორეზე დარჩა. თუმცა, რეგლამენტში არსებული პუნქტის მიხედვით, მოგვიანებით ადგილები შეიცვალა: ჩემპიონად „ზეტაფონი“ გამოაცხადეს.
ჭიაბრიშვილმა „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩის შემდეგ თქვა: „მთავარი ჩემი აზრით ის არის, რომ ჩემი გუნდი, თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ერთი მიზანი და ხედვა გვაქვს. ამ მიზანს ჩვეულებრივად წლებია მივყვებით, იმისთვის რომ ყოველი წელი უკეთესი იყოს.“
„დინამო“ ზედიზედ მეორე წელიწადია ვიცე-ჩემპიონობას სჯერდება და თუ შარშან ეს გარკვეულწილად იღბლის ბრალიც იყო (გავიხსენოთ, „დინამო“ – „ტორპედოს“ საჩემპიონო მატჩის ბოლო წუთზე კიტეიშვილის ვერგატანილი პენალტი), წლეულს კანონზომიერი გახლდათ და რამდენიმე ტურიც რომ ყოფილიყო, ვინძლო „ტორპედოსთვის“ დაეთმო მეორე საფეხური.
გვსურს „ტორპედოც“ გამოვარჩიოთ. კახა ჩხეტიანი მართლაც ჩინებულად მუშაობს. გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი. ქუთათურები უტიტულოდ არც წლეულს დარჩენილან, ქვეყნის თასი მოიპოვეს. ზაფხულში კი ევროთასებზე იყვნენ გადართულები და ეროვნული ლიგისთვის ცოტა ვერ მოიცალეს, თუმცა მერე 22 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს (ყველა ტურნირში) და ვიცე-ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდათ. ფანტასტიკური შედეგია.
„დინამოზე“ კი იმავეს ვიტყვით, რაც ადრეც გვითქვამს. მადლობა ბატონ ფიფიას ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. იმისთვის, რომ წლების განმავლობაში უამრავი ფული დახარჯა ჩვენს გაძვალტყავებულ ფეხბურთში და ისეთი აკადემია ააშენა, შვილიშვილები რომ იამაყებენ. მაგრამ, „დინამო“ რომ ქართველებისთვის მხოლოდ ფეხბურთი არ არის, ესეც კარგად ვიცით.
უკვე მეორე წელიწადია სეზონის განმავლობაში გუნდიდან უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყიდება. მათ ნაცვლად კი, ან არავინ, ან მთლად უწვერულები მოჰყავთ აკადემიიდან. მწვრთნელებს ლამის ორჯერ უწევთ წლის განმავლობაში გუნდის აწყობა. უბრალოდ, საინტერესოა რას აპირებს ბატონი რომანი, ასეთი სტარტეგიით ხომ „დინამო“ ცოტა ხანში უბრალო კონვეირად გადაიქცევა, საიდანაც ჯერაც დაუღვინებელ ყმაწვილებს ევროპის პერიფერიებში, ანაც დაბალი ლიგების გუნდებში გაყიდიან.
მაშ ასე: ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს „საბურთლო.“ ევროპა ლიგის კვალიფიკაციაში კი „დინამო,“ „ტორპედო“ და „ჩიხურა“ გაირჯებიან.
ამით ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა წინ პლეი ოფები გველის, რომლებიც ლიგაში დამრჩენ-გავარდნილების ამბავს გაარკვევს.
მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის ბოლოადგილსანი, ფოთის „კოლხეთი,“ პირდაპირ დაქვეითდა დაბალ ლიგაში. შესაბამისად, ლიგა 2-ის გამარჯვებული, ბათუმის „დინამო“ პირდაპირ დაწინაურდა ელიტაში.
ლიგა 1-ის მე-8-9 ადგილოსნები კი ლიგა 2-ის მე-2-3 გუნდებთან პლეი ოფში გაარკვევენ ურთიერთობას. ბოლნისის „სიონი“ „გაგრას“ შეხვდება, „სამტრედია“ კი „ვიტ ჯორჯიას.“ მატჩები 12 და 15 დეკემბერს გაიმართება.
ბოლოსკენ ცოტა სტატისტიკაც:
მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (დინამო), გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 22, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 21, ლეანდრო რიბეირო (დილა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) – 14, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/ შტურმი ავსტრია) – 11, გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 10
სულ სეზონში 479 გოლი გავიდა
მე – 100 გოლი: ბუდუ ზივზივაძე (დინამო, 27 აპრილი, დინამო – კოლხეთი 4:1, მე-8 ტური)
მე- 200 გოლი: ნოდარ ქავთარაძე (დილა, 22 ივნისი, რუსთავი 2-2 დილა, მე-16 ტური)
მე- 300 გოლი: ოთარ მარცვალაძე (რუსთავი, 2 სექტემბერი, სიონი – რუსთავი 0:4, 23-ე ტური)
მე- 400 გოლი: გიორგი ფანცულაია (სამტრედია, 4 ნოემბერი, კოლხეთი – სამტრედია 0:1, 31-ე ტური)
–პოკერი – 1
–ჰეთ თრიქი – 7
–დუბლი – 44
–ლეგიონერის გოლი – 78
–რეალიზებული პენალტი – 43
–ვერგატანილი პენალტი – 10
–გაძევება – 32
საბოლოო ცხრილი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა