„ჩელსის” ფანი, რომელმაც „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს აგინა, დაისაჯა. მისი ვინაობა გამოვლენილია. როგორც თავად ამბობს, ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა და იმ ოთხ გულშემატკივარს შორის მოხვდა, რომელთაც კლუბმა წლიური აბონემენტები ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში, რომელიც ბოლო ტურში „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ცხრილში პირველი პოზიცია დააკარგინა. პრემიერლიგის სათავეში „ლივერპული” მოექცა.

ყბადაღებულ ფანს, რომელსაც მიაგნეს, თურმე კოლინ ვინგი ჰქვია და თინეიჯერი სულაც არ არის. მისტერ ვინგი 60 წლის გახლავთ და ჩადენილს ძალიან განიცდის, მაგრამ კატეგორიულად აცხადებს, რომ რასისტული არაფერი წამოცდენია. არადა, მთელი ამბავი სწორედ რასისტული გინების გამო ატყდა, თორემ ჩვეულებრივი სიბილწე პრემიერლიგის ფეხბურთელს ფაქტია, არ გაუკვირდებოდა.

ვინგმა „დეილი მეილს” უთხრა: „საკუთარი ქცევის მრცხვენია. თავს ნამდვილად ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მე სტერლინგისთვის „შავი ….” არ დამიძახია, მე მას „მანჩესტერელი …” დავუძახე (black c**** და Manc c***). ახლა, როდესაც ამ საქციელის გამო სამსახურიც დავკარგე და აბონემენტიც, ხომ მიიღო ყველამ რაც უნდოდათ? ახლა მაინც დამანებონ თავი”.

ისე, საინტერესოა საიდან გავარდა ხმა, რომ კოლინ ვინგმა სტერლინგს მაინცდამაინც შავი დაუძახა? ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა, რომ აუტის ხაზთან მისულ რაჰიმ სტერლინგს ლონდონელი ფანები წამოუხტნენ და ერთი ამბავი დააწიეს, შემდეგ კი ამ ინციდენტის გამომძიებლებმა ტუჩების მოძრაობით სიტყვათა წამკითხველები მოიყვანეს და მათ დაასკვნეს, რომ ბინგმა „ბლექ” დაიძახა, არადა კაცი იფიცება „მენქ” დავიძახეო.