საინტერესო რამ მოხდა „ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებულ „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში: გაირკვა, რომ ჟურნალისტი, რომელმაც ხმა კომორის კუნძულების სახელით მისცა, არ არსებობს.
ლაპარაკია მავან აბუ ბონიაზე. ბონიამ პარიზში ასეთი ხუთეული აფრინა: კილიან მბაპე, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი და მოჰამედ სალაჰი. ამ ხუთეულს გნებავთ დაეთანხმეთ და გნებავთ ნუ დაეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ მასში სენსაციური და გასაკვირი არაფერია. უცნაური მხოლოდ ის არის, რომ თავად ასეთი ჟურნალისტი — აბუ ბონია ამ ქვეყანაში არ არსებობს…
კომორის კუნძულელებს კიდევ ერთი რამ არ მოეწონათ: თურმე „ფრანს ფუტბოლს” ბონიას ხუთეულთან მათი ქვეყნის ძველი, 1996-2001 წლების დროშა დაუბეჭდავს. მას მერე მერე ქვეყანამ ეს დროშა გამოცვალა.
არის კიდევ ერთი პრეტენზია: ტრინიდადისა და ტობაგოს კორესპონდენტი ლასანა ლიბურდი ჩივის, რომ მის მიერ გაგზავნილი ხუთეული „ფრანს ფუტბოლმა” სხვა თანმიმდევრობით გამოაქვეყნა.
განსჯა იმისა, იქონიებდა თუ არა გამოკითხვის საბოლოო შედეგზე ეს ორი ფაქტი გავლენას, თქვენთვის მოგვინდია. ჩვენ შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულმა ლუკა მოდრიჩმა 753 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა კრიშტიანუ რონალდუმ კი 476.