დღეს ბარსელონაში დერბია — „ესპანიოლი” „ბარსას” მასპინძლობს და ყოველთვის, როდესაც „ბლაუგრანა” თანაქალაქელებს სტუმრად ეთამაშება, მასპინძელ გულშემატკივარს ჟერარდ პიკე ჰყავს ამოჩემებული.
„ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე სცადა ამ „მტრობისთვის” იოლად შეეხედა და დაძაბულობა განემუხტა.
„პიკე შესანიშნავ სეზონს ატარებს. იმედი მაქვს, რომ დაძაბული მეტოქეობის მიუხედავად ატმოსფერო საუკეთესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ასეთი სიტუაციები გავაიოლოთ, მაგრამ მოედანზე მეგობრები არ გვყავს. კარგად ვიცით რას ნიშნავს მათთვის ჩვენთან გამარჯვება და მათაც იციან რას ნიშნავს ეს გამარჯვება ჩვენთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ ურთიერთობა მოვაწესრიგოთ და ეს კლუბებსა და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოხდება მოედანზე. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თამაშის შემდეგ ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოვართვათ. ვიმედოვნებ, რომ დღეს ყველა ღირსეულად მოიქცევა”, — თქვა ვალვერდემ.