ტონი კროოსამდე გერმანელ ფეხბურთელს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა (თასი) არ მოუგია. 28 წლის კროოსმა ეს „რეალის” შემადგენლობაში შეძლო. და მართალია, მიმდინარე სეზონი მისთვის და „ლოს ბლანკოსისთვის” რთულად მიდის, ფეხბურთელმა ჟურნალ „ესკვაირის” ესპანურ  გამოშვებას უთხრა, რომ თავს მაინც ბედნიერად გრძნობს.

„იღბლიანი კაცი ვარ. მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელად ვართ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს”, — თქვა ნახევარმცველმა, რომელსაც ახალ სეზონში ჯერჯერობით არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია.

ინტერვიუში ტონი კროოსმა ილაპარაკა თავის მომავალზე, მადრიდულ ცხოვრებასა და ფონდზე, რომელიც ავადმყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად დააარსა.

„სულ მაქვს შეგრძნება, რომ საზოგადოებას რაღაც უნდა დავუბრუნო, რომ მის წინაშე ვალში ვარ. როდესაც ავადმყოფ ბავშვებს და მათ ოჯახებს ვუყურებ, როდესაც მათ სახეებს ვხედავ, ვხვდები, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ და ეს ჩემზე დადებითად მოქმედებს”.

კროოსს „რეალთან” 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი.

„რა უნდა ვაკეთო ფეხბურთის თამაშს თავს რომ დავანებებ? არ ვიცი, ამაზე ფიქრის დრო არ მქონია. 16 წლის რომ ვიყავი, სხვა ბავშვები ფიქრობდნენ რა უნდა გამოსულიყვნენ მომავალში, მე კი უკვე ფეხბურთელი ვიყავი. სწორედ ამ ასაკში დავიწყე „ბაიერნში” თამაში. 17 წლისამ უკვე ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე”.

ერთი კი ფაქტია, ტონი კროოსი მწვრთნელი არასდროს გახდება.

„ნამდვილად არ მინდა მომავალშიც ასე ვიცხოვრო — მუდმივად ვიმოგზაურო, შინ იშვიათად შევდიოდე. გარდა ამისა, მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე უარესია, რადგენ მთელ გუნდზე ხარ პასუხისმგებელი. ასე რომ არა, მე მწვრთნელი არ გავხდები”.

უნდა თუ არა მისი შვილები ფეხბურთელები რომ გამოვიდნენ?

„თუ ენდომებათ დავეხმარები, მაგრამ თუ არ ენდომებათ, ამას არ განვიცდი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამოვლენ თუ არა ისინი ფეხბურთელები. მთავარია ლეონი, ამელიო და მესამე, რომელსაც ახლა ველოდებით კარგი ადამიანები გაიზარდონ. ცხოვრებაში ის აკეთონ, რაც ბედნიერებას მოუტანთ”.