ბოლო ტურში „ნაპოლიმ” ატალანტაში 2:1 მოიგო

„ნაპოლი” სერია A-ში მეორე ადგილზეა. მე-15 ტურში ნეაპოლელები „ფროზინონეს” მასპინძლობენ, მათ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კი დროგამოშვებით ისევ მიუნხენის „ბაიერნში” გატარებულ დროზე და გერმანიის რეკორდმაისტერიდან წამოსვლაზე ეკითხებიან.

„ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მწარე გამოცდილება. მას შეიძლება ფილოსოფიათა შეჯახებაც დავარქვათ, — თქვა საქვეყნოდ ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა „გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში, — კლუბს არც სტრუქტურის გამოცვლა უნდოდა, არც სამუშაო მსოფლმხედველობის გადახედვა და არც ძველების ნაცვლად ახალი ფეხბურთელების მოყვანა. მათ მხოლოდ ჩემს მერე დაიწყეს ამ მიმართულებებით მუშაობა”.

დღეს 59 წლის ანჩელოტი „ნაპოლიში” თავს შესანიშნავად გრძნობს.

„ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რაც მან ჩემპიონთა ლიგაში დაამტკიცა. ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვიძლიერდა. რასაკვირველია, დაუმარცხებელი არავინ არის. კარიერის განმავლობაში მე ასეთი გუნდი არ მინახავს, თუმცა „იუვენტუსს” რომ კონკურენცია გაუწიო ჯადოქრის დონეზე უნდა იმუშაო”, — დასძინა „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის” და „ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.