„მანჩესტერ იუნაიტედი” 40 მილიონი გირვანქის გადადებას აპირებს — „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მომავალი სეზონიდან მათი გუნდი მაურისიო პოჩეტინიომ გაწვრთნას და როგორც ჩანს ამ თანხის „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” გადახდას აპირებენ. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა აზრით არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ისინი გუნდს ანდობენ.
საინტერესოა, რომ „იუნაიტედის” ამჟამინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიუს კონტრაქტში ჰქონია პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანს, მისი სამსახურიდან გაგდება იაფი დაჯდება.
წერენ იმასაც, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” პოჩეტინიოსთვის „რეალთან” მოუწევს ბრძოლა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ არგენტინელისთვის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა უფრო საინტერესო იქნება.
„სფურზის” თავმჯდომარეს დენიელ ლევის საფეხბურთო ბიზნესმენისა და ადმინისტრატორის კარიერაში „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მაიკლ ქერიკი და დიმიტარ ბერბატოვი მიუყიდია, მაგრამ აჟამად საეჭვოა მწვრთნელის გასხვისება უნდოდეს. პოჩეტინიომ ახალი წლიდან „ტოტენჰემი” ახალ სტადიონზე უნდა გადაიყვანოს და გასულ ზაფხულს კლუბთან მორიგი ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა, რომლის თანახმადაც წელიწადში 8 მილიონ გირვანქას მიიღებს.
ლონდონელები თავს იმითაც ინუგეშებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” პოჩეტინიოს გადაბირებას ლამობს. მანჩესტერულ კლუბს პირველი მცდელობა 2016 წელსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ არგენტინელმა „იუნაიტედი” უარით გაისტუმრა.
პოჩეტინიო „სფურზში” 2014 წლიდან არის და ამ კლუბში მისი კარიერა წარმატებულად ითვლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მწვრთნელს სურს ლევი ფეხბურთელების ყიდვაში მეტ ფულს ხარჯავდეს. ის მუდამ იმეორებს, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება.