პირველი კალათიდან შვეიცარია, მეორედან დანია, მესამედან ირლანდია, მეხუთედან გიბრალტარი, მეოთხეში – საქართველო.
ასეთია ევრო 2020–ის შესარჩევის D ჯგუფი, რომლის მატჩებიც გაისად 21 მარტს დაიწყება და 19 ნოემბერს დამთავრდება, ორი საუკეთესო ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
აქედან თუ ვერა, 2020–ის მარტში ერთა ლიგიდან გვექნება შანსი. ჯერ ბელარუსს უნდა ვძლიოთ, მერე – მაკედონიას ან კოსოვოს.
თუმცა დღევანდელ წილისყრას დავუბრუნდეთ. სწორედ გაისად იქნება სარკე: საქართველოს ნაკრები მართლა ასეთი ძლიერია, როგორც ერთა ლიგაზე გამოჩნდა? ეს ხომ სულ სხვა შესარჩევი იქნება, სხვა სკოლა, სხვა ტემპი, სხვა აზროვნება. მურთაზაევის ნაცვლად შერდან შაქირი, ისლამხანის ნაცვლად გრანიტ ჯაკა, კარაშაუსკისის ნაცვლად კრისტიან ერიქსენი…
თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია საგაისოდაც გაჰყვება. პროგრესი უნდა აისახოს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიბრძოლოთ მაინც მეორე ადგილისთვის.
ეგებ, ბევრმა თქვას, გრანდი აგვცდაო, მაგრამ რა აზრი აქვს, გრანდს დაარქმევ თუ არა, როცა ნაკრები 5:2 ამარცხებს მრისხანე ბელგიას? რა ხანია, შვეიცარია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილეა, სტაბილურზე სტაბილური, მაგარი გუნდია.
დანიას ჰყავს ტოტენჰემელი ერიქსენი, ლესტერელი მეკარე შმაიხელი, დორტმუნდელი საყრდენი დელენი და არაერთი კარგი ფეხბურთელი. დანია პატარა ქვეყანაა დიდი გულით და იმპროვიზაციით, რაღაც სხვანაირი, გემრიელი ფეხბურთით…
ირლანდიასთან საქართველომ აქამდე ცხრაჯერ ითამაშა და რვაჯერ წააგეთ, მაგრამ ხომ გახსოვთ, თითქმის სულ საცოდავად ვაგებდით, არ უმართლებდა ჩვენებს. როდემდე? ეს ბოლო ორი წელიწადია, აშკარად მოისუსტებს ირლანდია, აი, ერთა ლიგაზეც ვერ ივარგა. ფეხბურთელთა კონტიგენტშიც სერიოზული კრიზისი აქვთ.
დარჩა ჯუჯა გიბრალტარი, რომელიც რეიტინგში 194–ე ადგილზეა და რომელთანაც გეგმაში ყველას ექვსქულიანი აქვს შემოხაზული.
ჯამში, ამაზე უარეს ჯგუფში მოვხვედრილვართ და იმედით ვყოფილვართ… ახლა მითუმეტეს… წარმატებები საქართველოს…