საჩემპიონო დერეფანი ქუთაისში

გასულმა ტურმა ცხრილის ქვედა ნაწილში თითქმის გაარკვია სიტუაცია. „კოლხეთი“ ოფიციალურად დაემშვიდობა ელიტას, „სამტრედიას“ კი პლეი აუტის თამაში მოუწევს ლიგა 2-ის წარმომადგენელთან.

პლეი აუტის მეორე მონაწილე ქვემოქართლურ „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის გაირკვევა. ამ მხრივ, რუსთაველებს თოთქოს უკეთესი შანსი უჩანთ, დარჩენილ ორ ტურში ისინი უკვე უმოტივაციო „სამტრედიასა“ და „ლოკომოტივს“ ეთამაშებიან. მაშინ, როცა „სიონს“ მესამე ადგილის მოცილეებთან – „ტორპედოსა“ და „ჩიხურასთან“ მოუწევს გაჯიბრება.

„რუსთავმა“ ამ ტურში „დილას“ ვერაფერი მოუხერხა და უგოლოდ დაშორდა. თუმცა, რუსთაველებს არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა, თანამსაჯის მითითებით, ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა. ელგუჯა ლობჯანიძემ ბურთი მკერდზე მიიღო და ისე გაიტანა, გოლი კი ხელზე მოხვედრის საბაბით გაუქმდა. ვიდეორეფერი არც ჩვენ გვაწყენდა, მაგრამ ძვირი სიამოვნებააო, ამბობენ.

და კიდევ, ფაქტია, რომ „რუსთავს“ უჭირს მოგება. ამ გუნდს სეზონში ყველაზე მეტი – 13 ფრე აქვს ნათამაშევი.

„საბურთალომ“ ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა ჩაატარა და, თითქოს დამთხვევააო – თასის ახლახანმომგებ „ტორპედოსთან.“

ბუდუ ზივზივაძემ სიონთან პოკერი გაიტანა                                          ბადრი კეთილაძის ფოტო

მეტოქეებმა ერთმანეთს პატივი სცეს: „ტორპედომ“ „საბურთალოს“ საჩემპიონო დერეფანი მოუწყო. თავის მხრივ, დერეფანი სტუმრებმაც მოაწყეს და „ტორპედოს“ საქართველოს თასის მოგება მიულოცეს.

თამაში უგოლოდ დამთავრდა, თუმცა შედეგზე ამინდმაც იმოქმედა. ქუთაისში ქარიშხალი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა (200) ქუთაისიდან დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა და 150 შენობას ახადა სახურავი. გადადო ავიარეისები.

მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა „დინამო არენაზე“. „დინამომ“ „სიონს“ 5:2 მოუგო. დინამოელთა შემტევმა ბუდუ ზივზივაძემ კი მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა და ბომბარდირთა დავაში 21 გოლით დაწინაურდა. საინტერესოა, რომ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პოკერი ყველაზე მეტჯერ (4), თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ზურაბ იონანიძეს შეუსრულებია, რომელიც საქართველოში იმერული გუნდების – „ტორპედოს,“ „სამტრედიას,“ „ზესტაფონისა“ და „სამგურალის“ ღირსებას იცავდა.

34-ე ტური: სამტრედია 1:2 ჩიხურა, რუსთავი 0:0 დილა, ლოკომოტივი 5:1 კოლხეთი, დინამო 5:2 სიონი, ტორპედო 0:0 საბურთალო

სატურნირო ცხრილი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა

35-ე ტური

3 დეკემბერი: რუსთავი – სამტრედია

4 დეკემბერი: კოლხეთი – დინამო, სიონი – ტორპედო, დილა – ლოკომოტივი, საბურთალო – ჩიხურა

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 21, გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 20, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 18, ლეანდრო რიბეირო (დილა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) – 14, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/ შტურმი ავსტრია) – 11

წილი
წინა სტატიაკოშკაძე  ყველაზე ზემოთ
შემდეგი სტატიაძირს ორშაბათი!
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.