ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ ინგლისში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს ისე არ აკვირდებიან და აკრიტიკებენ, როგორც მას. პორტუგალიელის აზრით მისი კოლეგები პეპ გვარდიოლა, მაურიციო სარი და იურგენ კლოპი გაცილებით იოლ პირობებში არიან.

„მითხარით ერთი, რატომ ტყდება ყოველთვის ერთი ამბავი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ამა თუ იმ ფეხბურთელს ვერ დაინახავენ? თან მიზეზს ყოველთვის დისციპლინის დარღვევაში ან მწვრთნელში ეძებენ. ამბობენ, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელთან იჩხუბა.

„ჩელსიში” კი მაგალითად, თუკი ვილიანი არ ითამაშებს, არავინ გამოთქვამს ეჭვს, რომ მას მაურიციო სარისთან ჰქონდა კონფლიქტი. „მანჩესტერ სიტიში” გაბრიელ ჟესუსი შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოხვდეს შემადგენლობაში, მაგრამ ამას მწვრთნელის ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას უწოდებენ. როდესაც „ლივერპულში” მოედანზე ფაბინიო და კეიტა არ არიან, მათზე წერენ, რომ იურგენ კლოპი მაინც ძალიან უყვართ და იურგენსაც უყვარს თავისი ფეხბურთელები. ხოლო აქ, ჩვენთან, საკმარისია პოლ პოგბას სათადარიგოთა სკამზე მოჰკრან თვალი, რომ მიზეზს ხელად დისციპლინის დარღვევაში ეძებენ. ანდა ვთქვათ ალექსის სანჩესმა არ ითამაშა? ესე იგი მწვრთნელთან ჰქონდა კონფლიქტი… „მანჩესტერ იუნაიტედი” ერთადერთი კლუბია, სადაც მათი აზრით მწვრთნელი და მოთამაშეები მუდმივად ჩხუბობენ. გეგონება ფეხბურთელებს არ შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდეთ, როდესაც ხან კარგად თამაშობენ და ხვდებიან შემადგენლობაში, ხან კი ვერა. გეგონება მწვრთნელს არ შეიძლება ხან ერთი შემადგენლობით უნდოდეს თამაში და ხან მეორეთი. თითქოს მას არჩევანის უფლება არ ჰქონდეს.

თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ, რადგან სხვებისგან მართლა ძალიან განვსხვავდები”, — თქვა მოურინიუმ, რომლის გუნდსაც დღეს საუთჰემპტონში აქვს თამაში.