როგორც მოგახსენეთ, „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრის ამბავი გაირკვა: თამაში მადრიდში, „სანტიგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ბუენოს აირესის გუნდებმა პირველი შეხვედრა 2:2 დაასრულეს, მეორე კი „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანების გამო ვერ ჩატარდა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მადრიდში გადმოტანილ შეხვედრას სდევს ბილეთების განაწილებაა. ამ ასპექტის მოგვარება ორგანიზატორებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიანდეს.
გადაწყდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების უპირატესობა იმ 60 000 გულშემატკივარს მიეცემა, რომელსაც „ელ მონუმენტალზე” ჰქონდა ბილეთი ნაყიდი. ანუ, თუ გულშემატკივარს შეძენილი ჰქონდა არგენტინის დედაქალაქში ჩაშლილი საპასუხო შეხვედრის ბილეთი და ის მადრიდში თამაშზე დასწრებას გადაწყვეტს, ბილეთს უპრობლემოდ იშოვნის.
დარჩენილი 21 000 ბილეთები „ბოკა ხუნიორსისა” და „რივერ პლეიტის” გულშემატკივრებს შორის თანაბრად განაწილდება.
იმ ბილეთების რაოდენობა, რომლებიც კონმებოლს უნდა გადასცემოდა ოფიციალურ პირთათვის, მნიშვნელოვნად შემცირდება.
იოლი მისახვედრია, რომ არგენტინიდან ესპანეთში 81 000 ადამიანი ფეხბურთის სანახავად ვერ წამოვა. შესაბამისად, დარჩენილი ბილეთები ჩვეულებრივი წესით გავა ღია გაყიდვაში RFEF ვებგვერდის საშუალებით.
როდის გაიყიდება ეს ბილეთები ჯერჯერობით არ ცხადდება, რადგან მართალია ოკეანეს 81 000 კაცი ვერ გადმოლახავს, მაგრამ რამდენიმე ათეული ათასი გულშემატკივარი რომ წამოვიდეს, სულაც არ არის გამორიცხული.
ესპანეთის დედაქალაქს მათ მიღება-დაბინავებაზეც აქვს საზრუნი.