მოვიგეთ!

საქართველო ესტონელებთან მათ პარკეტზეც კი ფავორიტი იყო და დაიცვა კიდეც სტატუსი.

ვერ ვიტყვით, ფრენა-ფრენითო, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. ილიას ზუროსს მწირი დრო ჰქონდა გუნდის დასაგეშად და თუ იმასაც დავამატებთ, რომ ტალინს საქართველო უპირველესი ვარსკვლავის გარეშე ესტუმრა, მოგებას მეტი ფასი დაედება.

„ბასკონიამ“ თორნიკე შენგელია არ გამოუშვა. სხვა შემთხვევაში, ეგებ ჩვენი ფედერაცია უფრო კატეგორიულიც ყოფილიყო, მაგრამ საწუხაროდ, ჯგუფში ფავორიტებს შორის ვერ ვართ და სერბეთის დაწევის შანსი მიზერულია. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მიუხედავად უამრავი შეცდომისა, საქართველო მეტოქეს აშკარად სჯობდა. ეს განსაკუთრებით მაშინ იყო თვალშისაცემი, როცა გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე წყვილად იყვნენ მოედანზე. ესტონელებს ამ კალიბრის ორი კი არა, ერთი ცენტრიც არ ჰყავთ და ფარზე ძალიან დაიჩაგრნენ.

ჩვენს „ორმაგ კოშკს“ მხარი მაკფადენმაც აუბა და ექვსი სამქულიანი ცდიდან ხუთჯერ ზუსტად ჩაუშვა ბურთი ტიიტ სოკის გუნდის კალათში.

საფინალო სირენამ ტაბლოზე 80:73 დააფიქსირა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ახლა ისრაელთან მატჩს ველით. სამი დღის შემდეგ აღთქმული მიწის შვილები გვსტუმრობენ – გაცილებით მაღალი კლასისანი, ვიდრე ესტონელები.

ისრაელის ნაკრები ჩვენბს ამდენ შეცდომას ნამდვილად არ აპატიებს, მაგრამ არც ზუროსი დაკარგავს ამ სამ დღეს უქმად… ბიჭებიც უფრო დახვეწენ გუნდურ თამაშს. მსოფლიოსთვის საქართველო ეგებ ჯერ მზად არ არის, მაგრამ მომავლის გუნდი რომ კარგი გვეზრდება, ფაქტია…