ქართული საჭიდაოს ნახერხის სუნი ჩაგისუნთქავთ?
დოლისა და ზურნის აკომპანიმენტზე გული აგჩქარებიათ?
ქართული ჭიდაობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ გართობა-სანახაობა. იმავდროულად საბრძოლო ხელოვნებაც იყო და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ბოლო ათწლეულებში თითქმის გაქრა საჭიდაოს მოწყობისა და კონკრეტული სოფელ-ქალაქის ტურნირის გამართვის ტრადიცია.
ამის მიუხედავად, ქართული ჭიდაობა კვებავდა და კვებავს ჩვენს ლეგენდარულ ფალავნებს განუმეორებელი ილეთებით, მერე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაპონურ ძიუდოში თუ რუსულ სამბოში რომ აპყრობინებდა მწვერვალებს.
იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ ძეგლად და სრულიად კაცობრიობისთვის მნიშვნელოვნად აღიარა.
სადაც სამართალია, ახლა მაინც უნდა მივაქციოთ ქართულ ჭიდაობას სათანადო ყურადღება, გავუწიოთ პოპულარიზაცია, ჩავატაროთ საერთაშორისო ტურნირები და თუ საჭიროა, დავაფუძნოთ ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაც…
იქმდე კი ვიამაყოთ, რადგან ორთაბრძოლის ყველა სახეობას შორის ერთადერთი არ ცნობს მტკივნეულ ან მაღრჩობელა ილეთებს, პარტერში ბრძოლას და მუხლზე ჩაჩოქილ მეტოქესთან ჭიდილსაც კი.
ქართულად ყოველთვის რაინდები ჭიდაობდნენ. რაც შეეხება იუნესკოს აღიარებას, ქართული ჭიდაობა მეოთხე არამატერიალური კულტურის ძეგლია მრავალხმიანი სიმღერის, ქვევრის ღვინის ტექნოლოგიისა და ქართული ანბანის შემდეგ, ამ დონეზე რომ დაფასდა.
შენ დაუკარ!