საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • ძლივს არ დავისვენეთ ამ ფეხბურთისგან?
  • აი, ბითური. რა დროს დასვენებაა?
  • აბა?
  • რაღა აბა, „აბა“ არა, „ბონიემი“. დღეს საფრანგეთის პირველობა ხურდება.
  • ვა?
  • „ვა“ კი არა, იმ კვირაში პრემიერლიგა ხურდება და ასე შემდეგ. რაღა დავმალო და ჯორჯიან ჩემფიონშიფიც კი გაიხსნა.
  • ეგ რა არის?
  • აი, თამაშია, ფეხბურთივით.
  • არ გამიგია.
  • ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მაგრამ გავრცელებაც უნდათო.
  • რასა ჰგავს?
  • ფეხბურთს. ოღონდ მთლად ფეხბურთიც არ არის.
  • რა ჰქვიათ, რას ამბობ?
  • ჯორჯიან ფუტბოლი.
  • არ გამიგია.
  • აი, ხომ არის ამერიკენ ფუტბოლი?
  • არის.
  • ოსთრალიენ ფუტბოლი, აირიშ ფუტბოლი. ასევეა ეგ ჯორჯიან ფუტბოლიც.
  • მაინც ვერ გავიგე, რაშია ამ თამაშის არსი?
  • არაფერშიც არ არის. ფეხბურთისნაირად ითამაშება, წესებიც იგივე აქვს, მაგრამ მთლად ფეხბურთიც არ არის.
  • აბა რა არის, პოლო?
  • პოლო კი არა… იგივე ფეხბურთია, ოღონდ გოლის გატანა არ არის სავალდებულო.
  • აბა?
  • ეგრეა. გატანა არ არის სავალდებულო. გაშვებით კი, რამდენსაც გინდა, გაუშვებ.
  • კი მაგრამ, თუ ორივე გუნდი ჯორჯიან ფუტბოლს თამაშობს, ერთ-ერთი ხომ გაიტანს?
  • მერე?
  • მერე ეგ, მაგ ჯორჯიან ფუტბოლის წესების დარღვევა არ გამოდის?
  • ვერაფერი გაგიგია.
  • თითქოს ფეხბურთი მესმის.
  • ჯორჯიან ფუტბოლის მთავარი წესიც ის არის, რომ სულაც არ არის სავალდებულო, რომ მოპაექრე გუნდებიდან ორივე ჯორჯიან ფუტბოლის წესებით თამაშობდეს. ერთს შეუძლია ნაღდი წესებით შეუბეროს და მოიგოს.
  • დიდი უაზრო თამაში ყოფილა.
  • არა, რატომ? ვინც ჯორჯიან ფუტბოლის წესებით თამაშობს, მას საერთოდაც არ მიაჩნია თავი დამარცხებულად?
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ჯორჯიან ფუტბოლის მთავარი აზრი თამაშის მოგება კი არა, წაგების გამართლებაა. თუ გუნდი კარგად გაიმართლებს თავს, ხალხის გულში მოგებულადაც კი ჩაითვლება.
  • ვერაფერი გავიგე, შენ რა თქვი, ჯორჯიან ჩემფიონშიფიო?
  • ოოო, ეგ ისეთი შეჯიბრია, რომელშიც მხოლოდ ჯორჯიან ფუტბოლის მიმდევრები მონაწილეობენ.
  • გამარჯვებული როგორ ვლინდება?
  • გამარჯვებული იმთავითვეა ცნობილი. მთავარია, თავი გაიმართლო.
  • და გაზა?
  • რა შუაშია გაზა?
  • გაზამ იცის ჯორჯიან ფუტბოლის თამაში?
  • კი. როგორ არა. ხანდახან თამაშობს ხოლმე.
  • არ მეგონა.
  • ეგ რა არის? ჯორჯიან ფუტბოლი ერთ-ორჯერ ყველას უთამაშია. რონალდოსაც, ბაჯოსაც, ქვეყნად არ არის ფეხბურთელი, ერთხელ მაინც რომ არ ეთამაშოს ჯორჯიან ფუტბოლი.
  • მერე?
  • მერე ყველა სიხარულით გააგრძელებდა მის თამაშს, ოფლი არ გამოგივა და საოპერაციო არ შეიქნები…
  • და რატომ არ თამაშობენ?
  • ჯორჯიან ფუტბოლს რომ თამაშობ, მწვრთნელები და მეპატრონეები ვერ გიგებენ და მოედანზე არ გიშვებენ. ეგეც არ იყოს და ფულსაც აღარავინ გიხდის.
  • ესე იგი, არ ესმით ამ თამაშის არსი.
  • ამ თამაშის არსი მხოლოდ ჯორჯიან ფუტბოლის გამომგონებლებს ესმით.

08.08.1998