დღეს არ ვაპირებდი დაწერას. ხვალ იყოს – ემოციები ოდნავ მაინც რომ ჩაცხრება მეთქი.

ვერ ჩაცხრა! ძილიც არ გამეკარა!

ქართველმა ძიუდოისტები ერთმანეთს დაერივნენო. ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. ოსაკაშიო.

ძიუდოს სამშობლოში გრანდ სლემზე ჩასულებმა ვისაც არ დაეზარა, ყველას აბურთავებინეს თავი, კინკილა მედალიც ვერ მოინაგრეს და ერთმანეთი კი სცემესო!

ჯერ ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ფედერაციის საყვარელი ფრინველი სირაქლემაა და კიდევ ერთხელ მოვისმენთ ზღაპარს ძიუდოს ოჯახზე, რომელიც ერთიანია.

არც ამჯერად აგვიხსნის არავინ, რეალურად რა მოხდა და მოდით, ის ვთქვათ, რამაც ჩვენამდე ჩამოაღწია: დანარჩენი ნაკრები ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს სასტუმროს ნომერში შეუვარდა და გალახაო… მძიმეებმა მსუბუქებიო… მარტო გურამ თუშიშვილი არ ჩარეულაო…

ეს ამბავი ახლა არ დაწყებულა და ჰოლანდიურ გრან პრიზეც ვერ ძოვდა ორი ბანაკი ერთადო…

თქვენ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით? ჩაცუცქულზე მობირჟავე სპორტსმენებო, უნახავმა რა მაგარი პრემიალური ნახა მწვრთნელებო და ანტისქოლიოზურ სავარძლებში ჩასკუპებულო ჩინოსნებო?!

ქართული ძიუდო მართლა თქვენი ხომ არ გგონიათ ან ვინმესთვის რამე ხომ არ გაქვთ დასაყვედრებელი?

მეხანძრემ ხანძარი უნდა ჩააქროს, მესაზღვრემ საზღვარი უნდა დაიცვას და ძიუდოისტი ვიღაც მესამეხარისხოვანთან არ უნდა გაეკრას ბეჭებით ტატამს. ეს სამსახურია, რომლის სანაცვლოდაც ყველა დამსახურებულს იღებს.

რაო, ბევრი ფულის სუნი ტრიალებს ძიუდოში და გავლენებს ვერ ვიყოფთ?

მკითხველმა ემოცია მაპატიოს, მაგრამ ამოვიდა ყელში ვითომ სპორტსმენების ძალად ძველბიჭობები.

წადით, გენაცვალე სახლში. ქართული ძიუდო მაინც აღარ არსებობს…

არსებობენ ცალკეული ძიუდოისტები, მწვრთნელები და კიდევ ვიღაც ტიპები, რომლებმაც ამათ გავლენებს თავი ვერ დააღწიეს. ვცდებით? მაშინ, გამოდით და თქვით!

დაასახელეთ ერთი, სამი ან შვიდი გვარი (ოცდაშვიდი იყოს), ვინც ამღვრევს და სამუდამოდ მოკვეთეთ სპორტიდან, რომელიც ყოველთვის ვაჟკაცობის და რაინდობის განსახიერება იყო. სხანაირებზე კიმონოს ჩაცმა არამია. გაიხადეთ და წადით!

მანამ კი ოდნავ ბჟუტავს იმედი, რომ ფედერაცია ხმას  ამოიდგამს.