„ბილდმა” შეიტყო: ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში „ბენფიკასთან” შეხვედრის წინ „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელები შეკრიბა და გაუგებარი სიტყვა თქვა. ის რომ „ბაიერნი” შეკრებას და პრინციპულ ლაპარაკს გეგმავდა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დიუსელდორფის „ფორტუნასთან” 3:3-ის შემდეგ საჯაროდ თქვა, ასე რომ ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, მაგრამ ამ შეკრების შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის ცხადია უცნობი გახლდათ.
გუნდის კრება კვირას, 10 საათზე, ზებენერ შტრასეზე, „ბაიერნის” საწვრთნელ ცენტრში გაიმართა. გამოსული ხმების თანახმად იქ კოვაჩმა თქვა, რომ შესაძლოა „ბენფიკასთან” თამაში მისთვის რეკორდმაისტერის თავკაცის თანამდებობაზე ბოლო იყოს, მაგრამ სანამ წავა სურს კიდევ გააკეთოს რაღაც. კერძოდ რას გულისხმობდა ხორვატი, ფეხბურთელებისთვის უცნობი დარჩა.
კოვაჩის სიტყვიდან კრების მონაწილეთათვის სხვაც ბევრი დარჩა გაუგებარი. ამბობენ, რომ მან ბავარიელთა ბოლოდროინდელი წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობა მოიხსნა და ყველაფერი მოთამაშეებს გადააბრალა, თუმცა პირდაპირი ტექსტით არც ეს უთქვამს.